თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მათ მიერ დანიშნული ალტერნატიული, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი საუბრის აუდიოჩანაწერი ავთენტურია.
ბაჩიაშვილის მიერ 2015 წელს განხორციელებულ ჩანაწერს, რომელიც სავარაუდოდ, მასსა და ივანიშვილის საუბარს ასახავს, ექსპერტიზა გერმანიაში ჩაუტარდა.
„მე დეტალურად ვერ მოვასწარი ექსპერტიზის წაკითხვა, რადგან 92-გვერდიანი დოკუმენტია და მხოლოდ გუშინ მოხდა მისი მიღება, თარგმნა. მოკლედ შემიძლია ვთქვა, ექსპერტიზა ადასტურებს ჩანაწერის ნამდვილობას, ექსპერტიზამ ჩემი და ივანიშვილის ხმები ამოიცნო, როგორც პროკურატურის მიერ მიწოდებულ სანიმუშო დისკში იყო მითითებული იყო. მათ ძალიან პროფესიონალური კვლევა აქვთ ჩატარებული მრავალი პროგრამის გამოყენებით“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა დღეს დაკითხულ მათ მოწმეზეც.
დღეს სასამართლოში ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც დამოუკიდებელია, ის ჩემი მეგობარი და ინვესტორია. მან 2015 წელს მომცა გარკვეული ოდენობის სესხი. მან მკაფიოდ განსაზღვრა განსხვავება სესხსა და ინვესტიციას შორის. მან მკაფიოდ განუცხადა სასამართლოს რამდენიმე კითხვის შემდეგ, რომ მე ვეძებდი სესხს, მე მას როგორც სესხის გამცემ პირს მივმართე, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილს მივმართე, რომ „ქართუში“ გაეწია შუამდგომლობა, რომ სესხი ამეღო“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
