გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: ის რაც ბაჩიაშვილს მოუწყვეს არა მხოლოდ წამებას წარმოადგენს, სახეზე გვაქვს გამოძალვის მცდელობა

“ის რაც ბაჩიაშვილს მოუწყვეს არა მხოლოდ წამებას წარმოადგენს, ეს იშვიათი შემთხვევაა, სახეზე გვაქვს გამოძალვის მცდელობა. ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ საქმე არ ეფუძნებოდა არანაირ სამართლებრივ საფუძველს და მიზანი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურებოდა, ჩვენი კლიენტისთვის წაერთმიათ ყველა ქონება. ეს არის სწორედ გამოძალვის მექანიზმის ნაწილი.
ერთი მხრივ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერა, რომ საქართველოში ყველაფერი მას ეკუთვნის და მეორე მხრივ იმიტომ, რომ ბაჩიაშვილი მისთვის პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს. მე ვფიქრობ, რომ ბაჩიაშვილს აქვს ყველაფერი, რაც ივანიშვილს არ გააჩნია. მას აქვს უმაღლესი განათლება, პროფესიონალიზმით გამოირჩევა, კარგად ესმის დასავლური ღირებულებები და აქვს კარგი კონტაქტები. […]
ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებული განცხადების წაკითხვის შემდეგ, აშკარაა, რომ მისი ცემის ბრძანება ივანიშვილის მხრიდან მოდიოდა. ამ ეტაპზე კონსულტაციებს გავდივართ ადგილობრივ იურიდიულ გუნდთან და გადავდგამთ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნაბიჯს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ უკანონო და ფაქტობრივად კრიმინალურ დევნაში ჩართული პირები პასუხისგებაში მივცეთ. ვფიქრობ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა იღვიძებს და აცნობიერებს, რაც საქართველოში ხდება.” – თქვა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა TV პირველთან ინტერვიუში