ადგილობრივი არჩევნები 4 ოქტომბერს არ ტარდება, ტარდება სპეცოპერაცია და ვინც მასში მიიღებს მონაწილეობას, ის იქნება ქართველი ხალხის მოღალატე და „ქოცების“ საქმის გამკეთებელი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე იქნება ჩართული „ქართული ოცნების“ „რეჟიმის“ წინააღმდეგ მოქმედებებში.
„ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც კი ოდნავ მაინც რამეს კარგს გააკეთებს. ყველა პარტიასთან, ვინც კი საერთაშორისო ასპარეზზე იქნება ჩართული ამ რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებებში, ყველასთან ვითანამშრომლებთ. ვინც კი აქ, ადგილზე იტყვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული რეჟიმი, მოღალატე რეჟიმი და მის წინააღმდეგ თუნდაც სიტყვას დაასველებს, ყველასთან ვითანამშრომლებთ. ოღონდ ეს თანამშრომლობა არის სხვადასხვა დოზით, ვიღაცასთან უფრო ახლოს ვიქნებით და ვიღაცასთან ბევრად უფრო შორს.
ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ენა მოვუჩლიქოთ ვინმეს და რახან ვთანამშრომლობთ, ვიღაცას რაღაცა შევარჩინოთ, მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებთან, ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არჩევნები გვინდა, ჩვენ არჩევნებს ვითხოვთ, მაგრამ 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია. რუსულ სპეცოპერაციაში, „ქოცურ“ სპეცოპერაციაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ყველა უღალატებს შვიდთვიან პროტესტს და თავის სიტყვას“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძის თქმით, 4 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა“ პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული „საერთო სახალხო პროცესს“ შეუერთდება.
„4 ოქტომბერს ჩვენ შევუერთდებით საერთო სახალხო პროცესს. „ნაციონალური მოძრაობა“ ცალკე არაფერს არ აპირებს. ვცდილობთ, ყველგან ვიყოთ, სადაც არის ხალხი. ბატონი პაატა ბურჭულაძის პოზიცია მისაღებია ჩვენთვის.
რაც არ უნდა განსხვავებები გვქონდეს ჩვენ ერთმანეთში, 8 პარტია მაქსიმუმს გააკეთებს, რომ კამპანია კოორდინირებულად ვაწარმოოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არაძალადობრივი ფორმებით პრინციპულად და რადიკალურად ვებრძოლოთ საქართველოს ღალატს და მოღალატეებს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
