კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში, ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე დაესწრნენ.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, 26 ოქტომბერს ქართველი ერის პროგრესულმა ნაწილმა აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს, როგორც საქართველო, ასევე მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები.
„დღეს გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვედით მიშას მამულში, ყვარელში, ეს ჩვენთვის განსაკუთრებული ადგილია. ჩამოვედით, რათა მიხეილ სააკაშვილის წიგნი წარგვედგინა ჩვენი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის წევრებისთვის, რომლებიც შემართული არიან იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს ყველამ ერთად, მთელმა ქართველმა ერმა, პროგრესულმა, აბსოლუტურმა, უმრავლესობამ ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ, მიშა პუტინის პატიმრობიდან გავათავისუფლოთ, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიშას ლიდერობით ახალ საქართველოში, 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა ეს მოღალატეები ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, მიშას საფუძველი ექნება, რომ ბევრად მეტი წიგნი იმ კარგ საქმეებზე დაწეროს, რასაც ის და მისი გუნდი საქართველოს მშვიდობიანად გამთლიანებისათვის გააკეთებენ, მის ასაყვავებლად, ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.