სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს და აქამდე არსებულ სხვა პოლიტპატიმრებს მიემატნენ ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი და უამრავი დაკავებული პატრიოტი, რომელიც ამ რუსულ, მოღალატეობრივ რეჟიმს აპროტესტებდა – ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ყველა ნორმალური ქართველი, პატრიოტი აპროტესტებს „კრიმინალურ რეჟიმს, მათ მოღალატეობას“.
„ახლა მიმდინარეობს სამარცხვინო პროცესი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც პუტინის პირადი ტყვეა და ამ რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს და აქამდე არსებულ სხვა პოლიტპატიმრებს მიემატნენ – ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი და უამრავი დაკავებული პატრიოტი, რომელიც ამ რუსულ, მოღალატეობრივ რეჟიმს აპროტესტებდა. [„ქართული ოცნება“] კრიმინალურ რეჟიმად ჩამოყალიბდა. ყველანი ვხედავთ, როგორ იყენებს [„ქართული ოცნება“] ნიღბიან მოქმედ პოლიციელებს, თუ კრიმინალურ დაჯგუფებებს. ისინი უმოწყალოდ სცემენ ადამიანებს, არა მარტო პარლამენტის შენობასთან, როგორც „დოქსოპულო“ კობახიძე საუბრობს, ვითომ შეტევების გამო, არამედ ადამიანებს ეკიდებიან რესპუბლიკის მოედნამდე, აფთიაქებში, მაღაზიებში, მეტროებში და ა.შ.
ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი და ბუნებრივია, ყველა ნორმალური ქართველი, პატრიოტი აპროტესტებს ამ კრიმინალურ რეჟიმს, მათ მოღალატეობას. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიოს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უღალატონ, საერთოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოშალონ. მათ უნდათ, რომ საქართველო მოწყვიტონ ჩვენს ერთგულ მეგობრებს – ევროკავშირს, ნატო-ს და კვლავ დააყენონ რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე და რუსეთის სატელიტი ქვეყანა გაგვხადონ. ეს არ გამოუვათ! იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი არ ეთანხმება, არ მოითმენს, ქართველი ხალხი იბრძოლებს და აუცილებლად გაიმარჯვებს!“, – განაცხადა ბარამიძემ.