გიორგი ბარამიძე – საქართველოსა და აშშ-ს შორის მთავარი დაბრკოლება არის საქართველოს ხელისუფლება, რის გამოც განიხილება მათი სანქცირება სენატში

საქართველოსა და -ს შორის მთავარი დაბრკოლება არის საქართველოს ხელისუფლება, რის გამოც განიხილება მათი სანქცირება სენატში. ამიტომ, ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად უნდა გადავირჩიოთ 26 ოქტომბერს ივანიშვილის რეჟიმი და გავუთავისუფლოთ გზა ჩვენს ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ სენატში საქართველოს საკითხის განხილვაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები იმდენად გააუარესა, რომ აშშ-ის კონგრესსა და სენატში იხილება კანონპროექტები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
„ივანიშვილის მოღალატურმა რეჟიმმა საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები იმდენად გააუარესა, რომ აშშ-ის კონგრესსა და სენატში იხილება კანონპროექტები, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს. სწორედ ეს ხელისუფლება არის დაბრკოლება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებასა და იმ ურთიერთობების გაგრძელებისათვის, რაც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ამას არაფერი არ უშველის, თუ ჩვენ ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად არ შევძელით 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის გადარჩევა და გავუთავისუფლოთ გზა ჩვენს ქვეყანას. განაახლოს ურთიერთობები აშშ-თანაც და ევროკავშირთანაც, ისარგებლოს იმ საშუალებებით, რომელიც ასევე არის გათვალისწინებული კონგრესის კანონში და მოგვეცეს საშუალება, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. ევროკავშირთან კი დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მოვიცილოთ ის რეჟიმი, რომელიც პირდაპირ ასრულებს პუტინის დავალებას საქართველოში და წინ ეღობება ქართველი ხალხის იმ მიზნებსა და მისწრაფებებს, რასაც ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება ჰქვია“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ