გიორგი ბარამიძე – მნიშვნელოვანია, რეჟიმის მხილების პოლიტიკა ვაწარმოოთ და ვიბრძოლოთ ერთად – რუსულ სპეცოპერაციაში ცხადია გადიხარ იმისთვის, რომ ძვალივით მოგიგდონ სახრავი – მინდა, რომ გონს მოეგონ

არაპატიოსან პროცესში, რუსულ სპეცოპერაციაში, ნახევარი ძალით რომ გადიხარ, ხომ ცხადია, გადიხარ იმისთვის, რომ ძვალივით მოგიგდონ სახრავი, საკრებულოში რამდენიმე წევრი გაიყვანო და ხელფასი დაუნიშნო , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო პოზიციებით ოპოზიცია ამომრჩეველს აბნევს.
„ამით რეჟიმი სარგებლობს, ამით რეჟიმი თეთრდება, მცირე, მაგრამ გარკვეული ლეგიტიმაცია ეძლევა, რაც გვითხრეს ჩვენმა ევროკავშირელმა პარტნიორებმა, რომ ნუ გააკეთებთ ამას. ნუ დავაბნევთ ამომრჩეველს და ნუ მივცემთ საშუალებას ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას, რომ თქვან: „არც ისე ცუდად ყოფილა საქმე, რადგან ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან ორი იღებს მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში და ასეთი ცუდებიც არ ვართ“. რად უნდა იმას ლაპარაკი, რომ ვერცერთი ვერ გაიმარჯვებს. ერთად რომ გავსულიყავით და პატიოსანი ყოფილიყო, მაშინ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებდით, მაგრამ არაპატიოსან პროცესში, რუსულ სპეცოპერაციაში, ნახევარი ძალით რომ გადიხარ, ხომ ცხადია, გადიხარ იმისთვის, რომ ძვალივით მოგიგდონ სახრავი, საკრებულოში რამდენიმე წევრი გაიყვანო და ხელფასი დაუნიშნო. ამაზე მიდიხარ? რა თქმა უნდა, ეს დააბნევს იმ ადამიანებს, ვისთანაც უნდა მივიდეთ და ვუთხრათ, გააპროტესტე ეს რეჟიმი. ამიტომ ვამბობთ, საერთო ეროვნული მოძრაობის ღალატია“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
ბარამიძის თქმით, ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია იყოს ერთად, იბრძოლოს ერთად და რეჟიმის მხილების პოლიტიკა აწარმოოს.
„ნამდვილად არ მინდა, რომ ამ ჩვენმა კოლეგებმა, რომელთანაც წარსულში საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით, მოიჭრან თავი და ხალხს შეაქციონ ზურგი, ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენონ ბრძოლას და შეიძლება კვირებით ან თვეებით გაუხანგრძლივონ რეჟიმს არსებობა. ეს მარტო „ნაციონალური მოძრაობისა“ და დანარჩენი შვიდი პარტიის აზრი არ არის. ევროპარლამენტის რეზოლუცია წაიკითხონ, თუ ჩვენი არ სჯერათ. რეზოლუციაში წერია უპრეცედენტო რამ, რომ ამ რეჟიმთან თანამშრომლობა მათი ლეგალიზების თუ პოლიტიკურად გათეთრების ერთ-ერთი გზაა. ეს არ უნდა გავაკეთოთ. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ერთად და რეჟიმის მხილების პოლიტიკა ვაწარმოოთ და ვიბრძოლოთ ერთად. რა იქნება წინასწარ არავინ არ ვიცით, მთავარია ამ რეჟიმს არ დავუხაროთ თავი, რეჟიმის მუქარებს არ შევუშინდეთ, დაჭერების არ შეგვეშინდეს, რეჟიმმა არ მოგვატყუოს, არ მოგვისყიდოს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
კითხვაზე, არის მოსაზრება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს რაღაცის ეშინიათ და რამდენად შეიძლება „ლელოს” პოზიცია ამ ჭრილში განვიხილოთ, გია ბარამიძე პასუხობს: „არაფერს არ გამოვრიცხავ, ადამიანურად ძალიან მიმძიმს. რაც არ უნდა განსხვავებული აზრის იყვნენ პოლიტიკოსები და გეგმები ჰქონდეს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, არავინ არ მინდა მემეტებოდეს, რომ ამ ბრძოლას გამოეთიშოს. მინდა, რომ ისინი გონს მოეგონ. ეს არ არის არჩევნები, ეს არის რუსული სპეცოპერაცია“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!