ეს ისტორიული რეზოლუციაა, რადგან ევროკავშირი ასეთი მკაფიო არასდროს ყოფილა. ეს ასევე აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია დემოკრატია, ჩვენი სამშობლო – ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ის პროცესი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 4 ოქტომბერს აქვს დაგეგმილი, იქნება მხოლოდ ამ რეჟიმისთვის ლეგიტიმაციისთვის განკუთვნილი და ბუნებრივია, მას ნდობას არ უცხადებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
გიორგი ბარამიძის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციამაც აჩვენა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა მხოლოდ ლეგიტიმაციას შესძენს „ქართული ოცნებას“, ამიტომ პარტია „ლელოს“ მოუწოდებს, „შეცდომაში არ გაჯიუტდეს“.
„მინდა მოგილოცოთ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული რეზოლუციის მიღება, რომელშიც მკაფიოდ არის დაფიქსირებული ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მხარდაჭერა, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე გამოთქმულია ძალიან მკაფიო და ნათელი შეშფოთება იმ რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში არსებობს. ევროპარლამენტი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით და ძირითადი პარტიათა მონაწილეობით, არ აღიარებს „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმურ ხელისუფლებად, გმობს ქვეყანაში პოლიტპატიმართა არსებობას, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას – მიხეილ სააკაშვილის, ზურა გირჩი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და სხვების და მოითხოვს მათ გათავისუფლებას. ასევე იმ ახალგაზრდების გათავისუფლებას, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით არიან დაკავებულები. ასევე მათ შორის საუბარია – მზია ამაღლობელზე.
რეზოლუცია რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმთან დაახლოებულ და შეკრულ რეჟიმს მოუწოდებს ჩაატაროს თავისუფალი და დამოუკიდებელი ორგანოების მიერ კონტროლირებადი და მათი მეთვალყურეების ქვეშ, საპარლამენტო არჩევნები და მიიჩნევს, რომ ის პროცესი, რომელიც მას 4 ოქტომბერს აქვს დაგეგმილი, იქნება მხოლოდ ამ რეჟიმისთვის ლეგიტიმაციისთვის განკუთვნილი და ბუნებრივია, მას ნდობას არ უცხადებს.
ეს ისტორიული რეზოლუციაა, რადგან ასეთი მკაფიო ევროკავშირი არასდროს ყოფილა. ეს ასევე აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია დემოკრატია, ჩვენი სამშობლო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის ლიდერად იყო დასახელებული ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. მაგრამ იმ მავნებლურმა და მოღალატეობრივმა პროცესებს, რომელსაც ივანიშვილის კრიმინალთა და მოღალატეთა რუსული ბანდა ახორციელებს, ქვეყანა, პრაქტიკულად იზოლაციამდე მიიყვანა და იქამდე, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი მსგავს რეზოლუციას იღებს.
ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით. მაგრამ პრინციპულად, თანმიმდევრულად, უკომპრომისოდ, ამ მოღალატეობრივი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარტია „ლელოს“ გააცნობიეროს შეცდომა და ნუ გაჯიუტდება მის შეცდომაში, ნუ დაარღვევს ოპოზიციურ ერთობას და რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობით ნუ შეუქმნის ლეგიტიმაციას „ქართულ ოცნებას“, როგორც ეს ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ერთიანობითა და ერთად უნდა ვიბრძოლოთ“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ასევე, გიორგი ბარამიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემათა წამებაში ამხილა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს სიმართლესთან.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო ამ მოღალატეთა და კრიმინალური ბანდის, პაპუაშვილის განცხადებას, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემათა წამებაში ამხილა. ეს არის მტკნარი სიცრუე, მორიგი კრემლის პროპაგანდა, მორიგი ბინძური პროპაგანდა, რომელიც ახასიათებს ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმს და მას არაფერი საერთო არ აქვს სიმართლესთან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამ რეჟიმს გონს მოეგონ, გაათავისუფლონ პუტინის პირადი ტყვე, პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ რეჟიმის სხვა ყველა პოლიტიკური პატიმარი, გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ცივილიზებული განვითარების გზას“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ასევე, პოლიტიკოსი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც ექსპრეზიდენტი „ქართული ქარტიის“ აღდგენასა და თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობაზე საუბრობს. გიორგი ბარამიძის თქმით, ხელისუფლების არაღიარება და მასთან ართანამშრომლობა არის ბრძოლის მთავარი შინაარსი, რომელსაც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვება.
„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს მივესალმებით, სადაც იგი არჩევნებს ფარსს და რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს, მივესალმებით ყველა ადამიანის სწორ შეფასებას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, გაუგებარია რატომ არ ესმის მას, როდესაც საუბარია ფარსსა და რუსულ სპეცოპერაციაზე, რომ მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღო, იურიდიული და პოლიტიკური ენით ამას ბოიკოტი ჰქვია. ბოიკოტი კი პირობითი სიტყვაა, უფრო სწორი სიტყვა იქნებოდა – არაძალადობრივი, მშვიდობიანი, წინააღმდეგობა მოღალატე და კრიმინალთა რუსულ რეჟიმთან. მისი არაღიარება, მასთან არა კოლაბორაცია ეს არის ჩვენი ბრძოლის შინაარსი, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ისეთი გარემო, როდესაც შესაძლებელი იქნება დაინიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
