„რონდელის ფონდის“ მკვლევარი გიორგი ბადრიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა ავტორიტარიზმიდან დიქტატურის ფაზაშია გადასული.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განმარტა, ოპონენტებს დაპატიმრება, ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობა, დიქტატორული მმართველობის ნიშნებს ატარებს.
ამასთან, ბადრიძემ ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ოლიგარქიულ და პოლიტიკურ წრეებს შორის პირდაპირი კოორდინაციის შესაძლებლობაზე გამოთქვა ეჭვები.
„აქამდე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ახასიათებდნენ, როგორც ავტორიტარიზმის დამახასიათებელ ხელისუფლებას. დღეს, გაზვიადების გარეშე, შეიძლება დიქტატურა ვუწოდოთ. დღეს არის ვითარება, როდესაც ოპონენტებს მასობრივად აპატიმრებენ, როდესაც ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ახშობენ. ამაზე უფრო მეტი კლასიკური განსაზღვრება დიქტატურისა, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, არ არის.
რამდენადაც არ უნდა ვიძახოთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ინტერესების თანხვედრაა, ძნელად წარმომიდგენია, რომ თანხვედრის გარდა არ იყოს პირდაპირი კოორდინაცია. ივანიშვილს აქვს კავშირები რუსეთის ოლიგარქიულ და პოლიტიკურ წრეებთან, ამაში ეჭვი არავის ეპარება“,- განაცხადა ბადრიძემ.
ექსპერტის შეფასებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანდათან გადადის პროდასავლური კურსიდან პრორუსულზე. ამის ერთ-ერთ მაგალითად ბადრიძე რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნის შექმნის საკითხში საქართველოს პოზიციას ასახელებს:
„საქართველო არის ბელორუსიზაციის პროცესში, როდესაც ანტიდემოკრატიული ქმედებები რეჟიმს აკარგვინებს ლეგიტიმაციას, რის გამოც ის უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთზე. თუ მანამდე მას შეეძლო ლავირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, დღეს ის იძულებულია რუსული მხარე დაიკავოს საერთაშორისო დავებში”,- განაცხადა ბადრიძემ.
ექსპერტის შეფასებით, საქართველო კარგავს საერთაშორისო ლეგიტიმაციას, რაც მისი თქმით, ხელს აძლევს რუსეთის გეგმას, რომ საქართველო ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეს, როდესაც სრულად იქნება მასზე დამოკიდებული.
„საქართველოში არ წარმომიდგენია გრძელვადიანად სტაბილური დიქტატურის ჩამოყალიბება, მაგრამ ამ ეტაპზე ქმედებები, რომლებსაც მე ვხედავ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, სრულ თანხვედრაშია რუსეთის გეგმასთან. ჩვენ უკვე ვართ ვითარებაში, როდესაც საქართველო მისი ხელისუფლების კომპონენტში კარგავს საერთაშორისო ლეგიტიმურობას. საქართველოს უკვე აღარ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ეს პირდაპირ ხელს აძლევს რუსეთის გეგმას, რომ საქართველო ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეს, როდესაც ის სრულად იქნება დამოკიდებული რუსეთზე“,- განაცხადა ბადრიძემ.
კითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბაროს, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილიც გახდეს სამიზნე.
„ამ რეჟიმის წარმომადგენლები ისეთი სისწრაფით კვეთენ პოლიტიკურ წითელ ხაზებს, რომ ვერ გამოვრიცხავ, სალომე ზურაბიშვილი გახდეს მათი სამიზნე, მიუხედავად იმისა,რომ ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ ციხეში უზით. ოპოზიციური სპექტრის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ერთად ყოფნის უუნარობა. ვიღაცამ იხუმრა კიდევაც, რომ „ერთად ყოფნა არ უნდოდათ, მაგრამ ერთად ჯდომა მოუწევთო“. ვერ გამოვრიცხავ, რომ ეს რეპრესიები სალომე ზურაბიშვილამდეც მივიდეს. სალომე ზურაბიშვილის რა როლიც არ უნდა ჰქონოდა წინა პოლიტიკურ ფაზაში, დღეს რომ ეს არჩევნები არ არის აღიარებული დასავლეთის მხრიდან, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის დამსახურებაა“,- განაცხადა ბადრიძემ.
