პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ექიმი გიორგი ახობაძე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა. ამ გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ კლვლავ მხოლოდ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმავლვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები.
გიორგი ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და პოლიციას ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ პოლიციელებს, რომლებმაც ის დააკავეს, ვიდეოგადაღების შესაძლებლობა ჰქონდათ, არ შექმნეს მტკიცებულება, რომლითაც მის ბრალეულობას მარტივად დაადასტურებდნენ.
„თავს არ ვცნობ დამნაშავედ და ეგ რაღაცა რასაც მედავებიან ჩემს ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს“, – თქვა გიორგი ახობაძემ.
მან მოსამართლე მგელიაშვილს უთხრა, რომ შშმ პირია, აქვს შესაბამისი ცნობაც, რომელიც ადასტურებს, რომ მას არ შეეძლო გაქცევა. სწორედ მისი გაქცევის რისკი დაასახელეც პოლიციელებმა იმის არგუმენტად, რომ საქმეში არ დევს ჩხრეკის ამსახველი ვიდეოკადრები:
„შშმ პირი ვარ, რომ მომცე საშუალება 3 კმ/სთ სიჩქარით ვერ გავიქცევი – სამი ჯან-ღონით სავსე პოლიციელი სასამართლოში ამტკიცებს, რომ ვერ მოახერხა ნეიტრალური მტკიცებულებების მოგროვება [ვიდეოგადაღება]. საერთოდ ჩემთვის ხელი რომ გაეშვათ და მე მევლო, ასეთ პირობებში შეეძლოთ ჩემი გაჩხრეკვა და ვიდეოგადაღება. ვერ გავიქცეოდი, ამის დამტკიცება შემიძლია ნებისმიერ ექსპერტიზაზე, საბუთიც მაქვს“.
პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ამბობს, რომ გარდა ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებისა, არასწორადაა მითითებული მისი დაკავების გარემოებებიც:
„გამაჩერა პატრულის ეკიპაჟმა, მინიმუმ 5 პოლიციის მანქანა იყო. არანაირი სამი პოლიციელი იქ არ ყოფილა. გაჩერების დროსაც, გლდანის საპყრობილეშიც აქცენტირებას აკეთებდნენ: აი, აქციებზე რომ დადიოდი, კარგი ხომ იყოო. მოტივი საერთოდ სხვა იყო და არა ის, რომ პატაკით ჰქონდათ მიღებული და შესაბამისად, მოქმედებებიც შესაბამისი იყო…“
მასალა განახლდება




