გიორგი ანთაძე – ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, უდავოა, რომ მხოლოდ კრემლის ინტერესებშია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი ანალიტიკური ცენტრის – „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარს გიორგი ანთაძეს ესაუბრა.

– ბატონო გიორგი, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებზე გვინდა გესაუბროთ. უფრო სწორად მის თავისებურებებზე.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, ბევრი გვახსოვს, მაგრამ, ფაქტია, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბევრი თვალსაზრისით აშკარად განსხვავებულია.

თქვენ როგორ შეაფასებდით ადგილობრივი არჩევნების წინ ქვეყანის საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას და იმას, თუ რა განასხვავებს ამ არჩევნებს, წინა წლებში ჩატარებული არჩევნებისგან?

– შეუძლებელია 4 ოქტომბრის არჩევნები ჩვეულებრივ, თვითმმართველობის მორიგ არჩევნებად მოვიხსენიოთ. ბუნებრივია, დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტი აღნიშნულ არჩევნებს განუყოფელს ხდის იმ პროტესტის და მოვლენებისგან, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდება.

მაშინ როდესაც საქართველოში დემოკრატია მთელი თავისი გამოვლინებით, ყველა კლასიკური ნიშნით რაც პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებობს, ფუნდამენტური გამოწვევების წინაშეა, შეუძლებელია ცალკე აიღო ეს არჩევნები, როგორც რიგითი, რომელიც თავისი არსით, თეორიაში ყველაზე რეალურ პრობლემებზე ორიენტირებული არჩევნები უნდა იყოს, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური საკითხები უნდა იყოს წამყვანი დღის წესრიგში.

რეალობაში, კი, მაშინ როდესაც დღეს ქართული დემოკრატია, ავად თუ კარგად შემდგარი, ფეხქვეშ არის გათელილი, გასაგებია, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საერთო პოლიტიკური კონტექსტის ნაწილია. ამიტომ, პირადად მე მიკვირს, როდესაც ამბობენ რომ რახან კონსტიტუციის მოცემულია ეს არჩევნები პოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით, ის თითქოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროტესტისგან განყენებულია. სწორედ ამიტომ ჩნდება არჩევნებში მონაწილეობით ავტორიტარიზმის გზაზე შემდგარი პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაციის საკითხიც.

– თუ ევროპასთან და -თან ყურადღებით მივადევნებთ თვალს, ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პერიოდში არ გვყოლია არც ერთი ხელისუფლება, რომელიც ასე ღიად ყოფილიყო დაპირისპირებული ევროპულ სტრუქტურებთან და აშშ-თან.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მტკიცებით ევროპას დიფ სთეითი მართავდა, ახლა ირკვევა, რომ ამერიკას და პრეზიდენტ ტრამპსაც დიფ სთეითი მართავს. ვაშინგტონმა უპასუხოდ დატოვა პრემიერ ირაკლი კობახიძის გაგზავნილი წერილი ტრაპისათვის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი.

ისეთი პირი უჩანს, პრეზიდენტი  ამგვარი გზავნილებით წარსდგება გაეროს ასამბლეის მე-80 სესიაზე.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ს არაბთა ემირატების შეიხსა და პრეზიდენტთან შეხვედრამ ბევრი პასუხგაუცემელი და უხერხული კითხვა გააჩინა. თუნდაც იმ თვალსაზრისით რომ ბატონი ივანიშვილი აშშ-ს სახდეპის მაღალჩინოსანს, არც აშშ-ს ელჩს არ შეხვედრია და ემირატების შეიხს კი შეხვდა.

ცხადია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ქვეყნის საგარეო კურსის ბედი არ წყდება, მაგრამ, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ბედიც წყდება, როგორც ამას ოპოზიციის ორივე ფრთა ამტკიცებს?

– სწორედ იმიტომ რომ არსებული პოლიტიკური კონტექსტი განაპირობებს, როგორც ზემოთ ვისაუბრე, ადგილობრივი არჩევნების შინაარს, იგი დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან იმდენად, რამდენადაც საპროტესტო საზოგადოების ნაწილისთვის 4 ოქტომბერი დაანონსებულია, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ბრძოლის გადამწყვეტი დღე.

ეს რამდენად სწორი და მართებულია, დრო გვიჩვენებს, პირადად მე, სკეპტიკურად ვუყურებ ამგვარი თარიღების დათქმას. ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ ღიად გადაუხვია პროდასავლურ კურსს და ანტიკონსტიტუციური დღის წესრიგი აქვს საგარეო პოლიტიკაში, რომელიც თავისი არსით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოწოდებას, სწორედ ამან გამოიწვია ის პოლიტიკური კრიზისი რაც დღეს ქვეყანაშია და ამას მოყვა პოლიტიკური რეპრესიებიც. გამიჭირდება სხვა სიტყვა ვიხმარო, იმ მოვლენების შესაფასებლად, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხდება. ამას ემატება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ღია ბრძოლაც.

შესაბამისად, საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი ამ პროტესტის განუყოფელი ნაწილია და ვინაიდან ის 4 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებს დაუკავშირდა პირდაპირ, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ თუ, 4 ოქტომბერს პროტესტის ბედი წყდება, მაშინ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ბედიც წყდება.

აქვე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის არ არსებობს ამ წუთას ობიექტური მოცემულობა იმისთვის, რომ ვისაუბრო ერთ დღეში „ქართლი ოცნების“ ხელისუფლების დასრულების შესახებ, თუ რამე გაუთვალისწინებელი X ფაქტორი არ გამოჩნდა.

ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელთაც უნდა წარმართავდნენ პოლიტიკოსები. ცვლილებების დადგომასაც ისინი უნდა ედგნენ სათავეში. დღეს კიდევ, მათი დიდი ნაწილი ან დაჭერილია ან კიდევ, ურთიერთ დაპირისპირების რეჟიმშია. შესაბამისად ასეთი განსხვავებული ძალისხმევის პირობებში ნაკლებად მოსალოდნელია სწრაფი ცვლილებების მოლოდინი ერთ დღეში.

 სახელისუფლებლო პროპაგანდის მტკიცებით, ეკონომიკაშიც გვაქვს წარმატებები, სხვადასხვა უცხოური კვლევევით ევროპის ქვეყნებსაც ვუსწრებთ, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში.

თუ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სტატისტიკას მივადევნებთ თვალს რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სფეროში სერიოზული პრობლემებია. სხვათა შორის, კორუფციასთან ბრძოლის საკითხებშიც.

აზერბაიჯანიდან საქართველოში 58 მილიარდი რუსული რუბლის შემოტანისა და ამ ფულის ქართულ ბანკებში უცხოურ ვალუტაში კონვერტირების შესახებ გავრცელებულმა ცნობამ საზოგადოების იმ ნაწილში გააჩინა კითხვები, ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ გავრცელებული ინფორმაციით მმართველ გუნდში შიდაპოლიტიკური დაპირისპირებებია.

როგორ ფორმაში ხვდება მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს მმართველი გუნდი? სავარაუდოდ, რა ხდება მმართველ გუნდში?

– დიდი ხანია ეჭვი არსებობს, რომ ქვეყანაში ელიტარული კორუფციაა და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ეს ყველაფერი გარეთ გამოვიდა და დადასტურდა. მე ვიტყოდი, რომ ტრაგიკულია საუბარიც კი იმ ქვეყანაზე რომლის 20% ოკუპირებულია და რომლის თავდაცვის მინისტრსაც კორუფციაში ბრალდებით აკავებენ. ეს მიუთითებს მძიმე სისტემურ პრობლემებზე. თუმცა, ამის ფონზე, ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ირაკლი კობახიძის ხელით მისთვის ჩვეული კომბინაციის ჩატარებას, როდესაც პოლიტიკური რესურსის ამოწურვის შემდგომ, ის იშორებს მისი გარემოცვის უახლოეს წევრებს.

აღსანიშნავია, რომ, მოდი ასე დავარქვათ, კონკურენცია „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ გუნდსა და „ყოფილებს“, გნებავთ „ძველებს“ შორის დღეს არ დაწყებულა და ეს ადრეც იგრძნობოდა. თუმცა, პოლიტიკურმა პროცესებმა მხოლოდ ახლა გამოამზეურა გარეთ.

როგორც ჩანს, ძალაუფლებაში ამდენი წელი ყოფნის პირობებში ამ ადამიანთა ნაწილი სერიოზულ კორუფციულ სქემებში გაერია. დღეს ეს შიდაპოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება ეს მოცემულობა, თუმცა ნორმალურ ქვეყანაში, შესაბამისი სამსახურებით პროაქტიულად უნდა მუშაობდნენ ბუნებრივია კორუფციის აღსაკვეთად.

ასევე, მგონია, რომ დღეს „ქართული ოცნება“ კრიტიკულ ფაზას გადის, რომლის შემდგომ ან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა, ან საბოლოო რღვევის პროცესები დაიწყება. ერთის მხრივ ხდება ძალაუფლების კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, შედარებით „გაუსვრელი“ კადრების წინ წამოწევით და შიდა „კორუფციაში გასვრილი“ კონკურენტების მოშორების გზით. თუმცა, მეორე მხრივ, სახეზეა საგარეო პოლიტიკური იზოლაცია ევროპასთან, გაურკვეველი ურთიერთობები აშშ-სთან და მძიმე შიდა პოლიტიკური კრიზისი. ამიტომ, თუ მმართველი ძალა მოახერხებს ამ კრიზისის „გადაგორებას“, მაშინ ბიძინა ივანიშვილს ახალის სახეები საგარეო პოლიტიკური ვაჭრობისთვისაც დაჭირდება.

დღევანდელ სამყაროში ტრანზაქციული ურთიერთობების ალბათობა, მათ შორის გარკვეული დროის შემდგომ დასავლეთთან შეუძლებელია ბოლომდე გამოირიცხოს. სხვა საქმეა, ეს როგორი საქართველოს ურთიერთობა იქნება და რის ფასად, თუმცა ამის გამორიცხვა შეუძლებელია.

ის კი ცალსახაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი არსებული პოლიტიკური კურსის პირობებში შეუძლებელია. მითუმეტეს, როდესაც უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე საფრთხე რეალურია.

– რადგან მმართველი გუნდზე საკმაოდ ვისაუბრეთ, ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებაზე ანუ იმ პარტიებში არსებულ ვითარებაზე უნდა ვისაუბროთ, რომლებიც „ქართულ ოცნების“ ოპონენტები არიან.

რადგან „ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის არჩვნებში იღებენ მონაწილოებას, მოდით, ჯერ მათზე ვიმსჯელოთ.

ბოიკოტში მყოფი პარტიები არჩევნებში მონაწილე „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბრალს სდებენ იმაში, რომ ისინი „რუსულ სპეცოპერაციაში იღებენ მონაწილეობას.“ უკეთეს შემთხვევაში ამბობენ, რომ „მათთთან ყველაფერი გარკვეულია და მათ მიმართ კარგი არაფერი აქვთ სათქმელი“.

როგორი შეაფასებდით 4 ოქტომბრის არჩევნებში „ლელოსა“ და გახარიას „საქართველოსთვის“ შანსებს?

იმის გამო, რომ ბოიკოტში დარჩენილი პარტიები არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქუჩის აქციების იდეების ღალატში ადანაშაულებენ, სავარაუდოდ, როგორია ამ პარტიების ამომრჩევლების საგარეო და საშინაო ორიენტირები?

– ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამ პარტიის ამომრჩევლები ან შესაძლო ამომრჩევლების დამოკიდებულება მიმდინარე პროცესებთან საკმაოდ კომპლექსურია. თქვენ ნახავთ ორივე პარტიის მხარდამჭერებს, რომელთა ნაწილი ემხრობა 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას და ასევე ისეთებს ვინც არ ემხრობა. ამიტომ, არ მგონია საგარეო პოლიტიკური ორიენტირებს ამომრჩევლებისთვის გადამწყვეტი ზეგავლენა ქონდეს. აქ დღეს არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის შეფასებასთან გვაქვს საქმე პირველ რიგში.

რაც შეეხება ამ პარტიების შანსებს, მათი რესურსების გათვალისწინებით, მაშინ როდესაც ბევრ საარჩევნო ერთეულში კანდიდატების დაყენებაც ვერ შეძლეს და ანტისახელისუფლებო მოსახლეობის დიდი ნაწილი გახლეჩილია შუაზე, შეუძლებლად მეჩვენება იმხელა პოლიტიკური პროტესტის კონსოლიდაცია ამ არჩევნებზე, რომ ის სათანადო ცვლილებებში აისახოს.

ვფიქრობ დიდ თვითმმართველ ქალაქებშიც გაუჭირდებათ დიდი კონკურენციის გაწევა. მითუმეტეს რადიკალურად გაუარესებულია საარჩევნო კანონმდებლობაც ოპოზიციისთვის. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას ყველაზე მეტი შანსი მაინც თბილისში რჩებათ, სადაც პროდასავლური ოპოზიციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული. მგონია, რომ აუცილებლად ვიხილავთ არჩევნების დღეს და მის შემდგომ ხელისუფლების სასარგებლო პროპაგანდას, რომელიც „კარგად და მშვიდ გარემოში“ ჩატარებულ არჩევნებზე გვაუწყებს სადაც ოპოზიციის ნაწილმაც მიიღო მონაწილეობა.

რეალურად, მთელი პოლიტიკური პროტესტი მეტწილად საზოგადოების და საზოგადოებრივი ჯგუფების აქტივიზმზე უფრო დგას, ვიდრე ოპოზიციური პარტიების მიერ შემოთავაზებულ დღის წესრიგზე, შესაბამისად გვაქვს ის მდგომარეობა რაც გვაქვს.

ბუნებრივია, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს პირდაპირ უსწორდება და მათი უდიდესი ნაწილი ციხეშია, რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგის შექმნაზე საუბარი უკვე წარმოუდგენელიც კი არის. თუმცა მე გლობალურ სურათზე ვსაუბრობ, ბოლო ორი წლის კონტექსტში.

ჯამში ყველაფრის გათვალისწინებით, „ლელოს“ და „გახარიას“ შანსები მინიმალურია. ისინი სავარაუდოდ შეუერთდებიან 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას უკეთესის მოლოდინით.

– ოპოზიციური სპექტრის მეორე ნაწილს, „ნაცმოძრაობას“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ არჩევნებისთვის ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული და მასში არ მონაწილეობენ და 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

ბოიკოტის მომხრეთა განცხადებებს თუ მივადევნებთ თვალს, მათი ლოგიკა ასეთია – თუ ქუჩაში საპროტესტო აქციაში 4 ოქტომბერს ბევრი ხალხი იქნა,

ისტორია გვასწავლის რომ მცირე გამონაკლისის გარდა, მშვიდობიანად, არსად არც ერთ ხელისუფლებას ძალაუფლება არავისთვის არ გადაუცია.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ ხელისუფლების სავარაუდო ცვლილებაზე?

– ფაქტობრივად, ჩვენ ამ შეკითხვის ირგვლივ უკვე ვისაუბრეთ. ზოგადად პოლიტიკური ისტორია გვიჩვენებს, რომ ამდაგვარ ცვლილებებს. ე. წ. „მშვიდობიან დამხობებს“ ჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მუხტი, მიზეზი და მხარდაჭერა, შესაბამის პოლიტიკურ ლიდერშიფთან ერთად. ნეპალის მაგალითზე იმედად ყოფნა, ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში არ მგონია რელევანტური. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ თავისი ძალის მაქსიმუმ გამოიყენებს.

შემდგომ მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს ცალკე საკითხავია და რთული სათქმელია. თუმცა, ვინაიდან ბატონმა მ როგორც მიგვანიშნა, რუსთაველის გადაკეტვაც ვერ გაგრძელდება სამუდამოდ, ამიტომ არ უნდ გამოვრიცხოთ, რომ ძალის გამოყენება მაინც მოხდეს 4-ში ან შემდგომ დღეებში იმისათვის, რომ თუ არჩევნებში ყველაფერი ოცნებისთვის კარგად ჩაივლის, პროტესტის საბოლოოდ წელში გადატეხვას ეცადონ. შეიძლება ეს ცდუნება ვიღაცეებს გაუჩნდეთ.

– თქვენთან დაკავშირებამდე „ინტერპრესნიუსთან“ თქვენს ინტერვიუებს გადავავლე თვალი.

ერთგან თქვენ ამბობთ – „მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია“. მეორეგან კი ასეთ აზრს გამოთქვამთ – „მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო“.

პოლიტიკის ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა წინა კვირას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა – „ანტიდასავლიური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას თავზე მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედათ აქციოს“.

თუ სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერებით ვიმსჯელებთ, „ქართულ ოცნებას“ თავისი მხარდამჭერები საკმაოდ ბევრი ჰყავს.

შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, ის, რასაც ბატონო ირაკლი მელაშვილი ამბობს, გარკვეულ წილად მომხდარიც კია, და არაა გამორიცხული ამ არჩევნებმა ეს დაადასტუროს კიდეც,

მაგრამ, სავარაუდოდ, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს „ანტიდასავლური ფობიები და მითები მთელ საზოგადოებას თავზე მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედათ აქციოს“?

– აბსოლუტურად ვიზიარებ ბატონი ირაკლის პოზიციას. ეს პროგნოზირებადი და ადვილად გასათვლელი მოვლენა იყო ჯერ კიდევ არჩევნებამდე წლებით ადრეც. ყოველ შემთხევაში მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა.

როდესაც პოლიტიკური ძალა იდეურად და ინტელექტუალურად ამდენ წლიანი მმართველობის შემდგომ, იფიტება ის აუცილებლად დაიწყებს მოსახლეობის შიშებით და ფობიებით გამარჯვების ძებნას. სწორედ ამიტომ ე. წ. „კონსერვატიული ნარატივები“ ყველაზე მსუყე ლუკმა იყო პოლიტიკური ტექნოლოგიების თვალსაზრისით. თუმცა, ში შეჭრის შემდგომ, ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს რუსეთის სწრაფი გამარჯვების მოლოდინის ფონზე სხვა იმედებიც გაუჩნდათ.

ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ბუნებრივად შეუთავსებელი გახდა პროევროპული კურსის გაგრძელება „ქართული ოცნებისათვის“. მოთხოვნილი რეფორმების გატარების შემთხვევაში ეს წარმოუდგენელი იქნებოდ ფაქტიურად. ამიტომ, დაიწყო დემოკრატიის „დაფორმატება“ ქვეყანაში და ავტორიტარულ, გნებავთ რუსულ ყაიდაზე ქვეყნის გადაყვანა.

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, უდავოა, რომ კრემლის ინტერესებშია. ამისთვის ფსევდო კონსერვატიული ნარატივი და „გახრწნილი ლიბერალიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლა იდეალური სქემა იყო. დაფორმატებას ვუწოდებ იმ საკანონმდებლო ცვლილებების კასკადს, რაც ბოლო პერიოდში მივიღეთ და საჯარო უწყებების წმენდას პროდასავლური კადრებისგან, რომელთაც სხვადასხვა რეფორმების გატარებაში ლომის წვლილი მიუძღვით.

საბოლოო ნიშნით, თუ „ქართული ოცნება“ შეძლებს არსებული პოლიტიკური კრიზისის გადალახვას, რომელიც მისთვის, როგორც აღვნიშნეთ შეიძლება წყალგამყოფი იყოს, მაშინ მოსალოდნელია მომავალ წელს უფრო თამამი ნაბიჯებიც ვიხილოთ, როგორიც შეიძლება იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა კონსტიტუციური უმრავლესობის მიღების იმედად. და იფიქროს ეწ. „წულუკიანის დასკვნის“ შემდგომ გამოყენებაზე.

ამას ალბათ მოყვება კიდევ უფრო მკვეთრი ანტიდასავლური ნაბიჯები და პოლიტიკაც ქვეყანაში. ანუ, ასეთ სცენარში მართლა შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ როგორც თქვენ უწოდეთ, „ანტიდასავლური ფობიები და მითები მთელ საზოგადოებას თავზე მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედათ აქციოს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება – ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს

ირაკლი კობახიძე – რა დაპირებაც გაიცა ივანიშვილის მხრიდან 2 წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, იქნება პირნათლად შესრულებული, რაზეც მე ვიღებ პასუხისმგებლობას – წელიწადნახევრის განმავლობაში თუ ნახავენ ერთ კორუფციის ნიშანს მაინც, მზად ვარ ვუპასუხო