„ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია აფიქსირებს ძველი საერთაშორისო წესრიგის დასრულებას და ახალი წესრიგის ჩამოყალიბებას.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ახალ რეალობაში მთავარი აღარ იქნება ღირებულებები, არამედ ძალა, ინტერესები და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები.
„მთავარი, რასაც ეს დოკუმენტი გვეუბნება, არის ის, რომ ფორმდება ძველი სამყაროს დასასრული, ძველი საერთაშორისო ურთიერთობების დასასრული და არის ახალი წესრიგის გაფორმება. დოკუმენტი აფორმებს ახალ საერთაშორისო წესრიგს, სადაც მთავარი საკითხი იქნება არა ღირებულებები, არამედ ინტერესების, ძალისა და ეროვნული ინტერესების ენით საუბარი. გარკვეული ბალანსის აღიარებაა, ამისკენ მიდის საერთაშორისო პოლიტიკა.
აშშ-ს წარმომადგენელმა ეუთოც გააკრიტიკა. საუბარი იყო იმაზე, რომ თუ ასეთი მომაკვდავი ორგანიზაციაა და მათი ხედვით არაფრის მაქნისი იქნება, არც მასში დაედგომება აშშ-ს და იქიდანაც გამოვა. ამ მიდგომებით საერთაშორისო ინსტიტუტებიც ახალ რეალობას უნდა მოერგონ. ევროკავშირზე თავდასხმებიც ამის გამოხატულებაა. ფაქტია ევროკავშირს საკუთარ თავზე იმაზე მეტის აღება მოუწევს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. არა მარტო თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობის აქტორი იყოს, ისეთი, როგორიც დღევანდელ სამყაროს სჭირდება“, – განაცხადა ანთაძემ.
კითხვაზე, დოკუმენტში გაკეთებულ ჩანაწერი, ნატო-სთან დაკავშირებით, ნიშნავს იმას თუ არა, რომ საქართველოსთვის აზრი არ აქვს განაცხადის შეტანას, ანთაძე აღნიშნავს, რომ ამ პირობებში ქვეყანა არ უნდა ელოდოს სწრაფ პროგრესს ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.
მისივე თქმით, საქართველოს უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი ხედვა, როგორ წარმოუდგენია ურთიერთობები ნატო-სთან ასეთი რეალობის პირობებში. ანთაძე ხაზს უსვამს, მიუხედავად არსებული ჩანაწერისა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ნატო-სთან პარტნიორობის შენარჩუნება და ახალი ფორმატის მოძიება.
„ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს. ასეთი ჩანაწერის პირობებში ალიანსმა როგორ უნდა განავითაროს ურთიერთობები, ამისათვის საჭირო იქნება ორმხრივი კონსულტაცია. საქართველომ უნდა განსაზღვროს ასეთ ვითარებაში როგორ წარმოუდგენია ალიანსთან ურთიერთობები. შემიძლია ვთქვა, რომ არ უნდა შეწყდეს ურთიერთობები, რადგან ჩვენ დოქტრინულად გადაჯაჭვულები ვართ დასავლურ სამხედრო მოწყობაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობები უნდა შეწყდეს“,- განაცხადა ანთაძემ.
ამასთან, ანთაძე დასძენს, რომ რეგიონში არსებულ ძალთა გადანაწილებას საქართველო მხოლოდ მრავალმხრივი დიპლომატიით და ყველა მნიშვნელოვან მოთამაშესთან თანამშრომლობით შეძლებს დაუპირისპირდეს.
„ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი ვარიანტი არის სერიოზული საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომელიც ყველა აქტორთან მუშაობას გულისხმობს, ვისაც დღეს რეგიონში ინტერესი აქვს, ამ ბალანსის გარეშე არ გამოვა“,- დასძინა ანთაძემ.




