2024 წელს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი უპრეცედენტო ნიშნულს 2 მილიარდ 508 მილიონ ლარს მიაღწევს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა განათლების სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და მეცნიერების სფეროს განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს და სწორედ ამის ნათელი დასტურია განათლების სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი.
„განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2023 წელს 2 მილიარდ 77 მილიონ 780 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს ბიუჯეტი უპრეცედენტო ნიშნულს 2 მილიარდ 508 მილიონ ლარს მიაღწევს.
2012 წელთან შედარებით, როდესაც განათლების სფეროს დაფინანსებისთვის მხოლოდ 626.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტი 300%-ით გაიზრდება“, – განაცხადა ამილახვარმა.