გიორგი ამილახვარი – 1000-ზე მეტი სკოლა დარჩა დასაკომპლექტებელი, ჩვენ გამოვაცხადებთ და დავიწყებთ ახალ კონკურსებს დარჩენილ სკოლებში

მთავარი კითხვაა რას ვაპირებთ, რადგან 1000-ზე მეტი სკოლა დარჩა დასაკომპლექტებელი. ჩვენ გამოვაცხადებთ და დავიწყებთ ახალ კონკურსებს დარჩენილ სკოლებში და შევთავაზებთ ყველას, როგორც სერტიფიცირებულ კანდიდატებს, ასევე ნებისმიერ მსურველს, ვინც მინიმალურ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს მიიღოს კონკურში მონაწილეობას, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისი თქმით, სკოლის ავტონომია გულისხმობს იმას, რომ თვითონ სასკოლო საზოგადოებამ, მშობლებმა, დირექციამ, მასწავლებლებმა და, მათ შორის, მოსწავლეებმა თვითონ გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს დირექტორი.
ამილახვრის თქმით, დირექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით, სპეციალური წესი იმუშავებს, იქნება განახლებული მიდგომა, ინკლუზიური პროცესი, სადაც კომისიებში მოწვეული იქნებიან გარე წარმომადგენლები და არ იქნება მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული.
„დაახლოებით, 1000 სკოლაში შედგა დირექტორების კონკურსი, სხვებში არ შედგა იმიტომ, რომ განაცხადი არ იყო, ფიზიკურად არ იყო კანდიდატი და როგორ შეიძლება ვინმე წარმედგინა.
საზოგადოებას შევახსენებ, კანონის მიერ მაქვს დისკრეცია, რომ ნებისმიერ სკოლაში დისკრეციით დავნიშნო დირექტორი – არც ერთი ასეთი შესაძლებლობა არ გამომიყენებია, რატომ? იმიტომ, რომ, როდესაც ვლაპარაკობთ სკოლის ავტონომიაზე, დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე ეს გვინდა რეალურად და არა პოლიტიკური კეკლუცობისთვის. ეს გვინდა იმიტომ, რომ თვითონ სასკოლო საზოგადოებამ, მშობლებმა, დირექციამ, მასწავლებლებმა და, მათ შორის, მოსწავლეებმა თავად გადაწყვიტონ ვინ უნდა იყოს დირექტორი. წარდგენილი კონკურსანტებიდან 92%- ი თავად სამეურვეო საბჭოებმა ამოირჩიეს ის დირექტორი, ვინც უნდოდათ.
რა თქმა უნდა, კონკურის იმისთვის არის, რომ ვიღაც გარეთ დარჩა, ვიღაც თვლის, რომ არასამართლიანია და ა.შ. მაგრამ ყველაზე კარგი არის ის, რომ 900-ზე მეტ დირექტორზე არავინ გამოდის თქვას, რომ ან არაკვალიფიციურია, ან პოლიტიკურად ტენდენციურია. ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია.
მთავარი კითხვაა რას ვაპირებთ ახლა, რადგან 1000-ზე მეტი სკოლა დარჩა დასაკომპლექტებელი. არ მგონია, რომ თებერვალს გასცდეს, ჩვენ გამოვაცხადებთ და დავიწყებთ ახალ კონკურსებს დარჩენილ სკოლებში და შევთავაზებთ ყველას, როგორც სერტიფიცირებულ კანდიდატებს, ასევე ნებისმიერ მსურველს , ვინც მინიმალურ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს მიიღოს კონკურში მონაწილეობას. ამას დავიწყებთ უახლოეს მომავალში, სპეციალური წესი იმუშავებს, იქნება განახლებული მიდგომა, ინკლუზიური პროცესი , სადაც კომისიებში მოვიწვევთ გარე წარმომადგენლებს და არ იქნება მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. რაც შეიძლება მეტი კანდიდატი მოვიზიდოთ, რომ მეტი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს სამეურვეო საბჭოებს და თავად გადაწყვიტონ ვინ იქნებიან დირექტორები“,- განაცხადა ამილახვარმა.
ამასთან, ამილახვარმა წალენჯიხის 1-ელ სკოლის რეაბილიტაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წალენჯიხას 1-2 წელიწადში ექნება ახალი პირველი სკოლა.
„წალენჯიხის 1-ელ სკოლა რეაბილიტაციაში იჯდა, მაგრამ რეაბილიტაციის დაწყებისთანავე აღმოჩნდა, რომ ის დემონტაჟს ექვემდებარება . სადემონტაჟო საქმეები დაწყებულია, რომელიც წელს დასრულდება და ვფიქრობ, რომ წელსვე გამოვაცხადებთ ახალი სკოლის ტენდერს. პრაქტიკულად, წალენჯიხას 1-2 წელიწადში ექნება ახალი პირველი სკოლა“,- განაცხადა ამილახვარმა.

ასევე დაგაინტერესებთ