საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტურობა, ინსტიტუციების დამოუკიდებლობა, ანტიკორუციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის მიუკერძოებლობა, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გიომ მერსიემ „ევროსკოპის“ კითხვის საპასუხოდ – როგორ აფასებს კომისია „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ანტიკორუფციული სააგენტოს გაუქმებაზე.
“კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ფუნდამენტური ელემენტებია. ეს მიზნები ასევე არის ჩვენი ძირითადი სამუშაოს ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ. კორუფციასთან ბრძოლის საკითხი მოცემულია ჩვენს გაფართოების ანგარიშში, რომელმაც ფაქტობრივად დაასკვნა, რომ საქართველოში არის უკუსვლა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. რეკომენდაციების სახით ანგარიშშიი ასევე ნახსენებია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტურობა, ინსტიტუციების დამოუკიდებლობა, ანტიკორუციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის მიუკერძოებლობა. ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო კვლავ შორდება ევროკავშირის გზას,” – განაცხადა მერსეიმ.




