„გილოცავთ, გვიხარია ამ გადაწყვეტილების მიღება“ – შარლ მიშელი საქართველოს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. იგივე გააკეთეს ურსულა ფონ დერ ლაენმა და პედრო სანჩესმა.
ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე, რომელსაც მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ესპანეთის პრემიერი, პედრო სანჩესი ატარებენ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა მათ ჰკითხა, რა იქნებოდა გზავნილი და რჩევა ქართველი ხალხისთვის.
„როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, მოკლე საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ეს ალბათ იქნება ყველაზე ემოციური მომენტი, პირადად ჩემთვის, რადგანაც მაშინ ვუთხარი, მივიღეთ გადაწვყეტილება, ეს ფუნდამენტური რამაა, ეს შეცვლის ამ ქვეყნებს… გილოცავთ, გვიხარია ამ გადაწყვეტილების მიღება. მოდით, სწრაფად ვიმუშაოთ, გადავდგათ ნაბიჯები, ჩავატაროთ რეფორმები“, – თქვა მიშელმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა: „გილოცავთ, განაგრძეთ კარგი მუშაობა. თქვენ ხართ ევროპა და გვინდა იყოთ ევროკავშირში. ერთად ვიმუშაოთ“.
სტატუსის მიღება ქართველ ხალხს მიულოცა ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმაც და მოუწოდა, გამოეყენებინა ეს მომენტი.
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა სა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.
ამავე თემაზე:
· “გილოცავ, საქართველო!” – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში
· ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებას ივანიშვილს ულოცავს