გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან მმართველი გუნდის მისამართით, სარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა დაფიქსირდა.
კერძოდ, მისი თქმით, 14 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დიმიტრი კვანტალიანმა ქუთაისში, ხოლო „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა ლექსო ვალიაურმა გორში, „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ შეხვედრაზე არეულობის მოწყობა და ჩაშლა სცადეს.
„14 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსმა, დიმიტრი კვანტალიანმა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა. აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად დიმიტრი კვანტალიანმა ატვირთა და იქვე აღიარა, რომ ადგილზე მისვლის მიზეზი შეხვედრის ჩაშლა იყო.
14 სექტემბერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა, ლექსო ვალიაურმა ქალაქ გორში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა გააჟღერა და მცდელობა ჰქონდა შეკრების მონაწილეებში არეულობა გამოეწვია. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი თვითონ ავტორმაც დაადასტურა,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გარდა ამისა, მიქანაძემ უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მთავარის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ მხრიდან პოლიტიკური სუბიექტისთვის კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა ქმნის საშიშ და დამაზიანებელ პრეცედენტს საარჩევნო გარემოსთვის.
„ტელევიზიებმა „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ვიდეო-რგოლი თავდაპირველად ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში ორივე მაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა ბადიდან ამოიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. შემდგომ ცნობილი გახდა, რომ „ტვ პირველი“ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „მთავარს“, „ტვ პირველს“ და „ფორმულას“, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო აგიტაციის მხრივ, არათანაბარ გარემოში ჰყავთ, რის თაობაზეც, მმართველმა გუნდმა კომუნიკაციების კომისიასაც მიმართა.
„მაუწყებლების მხრიდან პოლიტიკური სუბიექტისთვის კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა ქმნის საშიშ და დამაზიანებელ პრეცედენტს საარჩევნო გარემოსთვის. ამის მაგალითია 6 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით სამი არხის (მთავარის, ტვ პირველისა და ფორმულას) მოქმედება, რომლებსაც უნდა გაეშვათ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპები ჯამში 787-ჯერ, მაგრამ არც ერთხელ არ გაუშვეს, მაშინ როდესაც ოპოზიციის კლიპები გაუშვეს 6227-ჯერ. ეს მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აგიტაცია ამ ტელეკომპანიებს არათანაბარ გარემოში ჰყავთ, რის თაობაზეც ჩვენ საჩივრით მივმართეთ კომუნიკაციების კომისიას,“ – განაცხადა მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ