გივი მიქანაძე – შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა მყისიერად, არამედ თუნდაც 2, 2- წელიწადნახევარში იმსჯელოს საკითხებზე

შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა მყისიერად და რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც ორ წლის, ორ წელიწადნახევარში იმსჯელოს საკითხებზე, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თსუ-სა და სტუ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან გამოითქვა პოზიცია, რომ რეორგანიზაციის დაწყებამდე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა საკითხზე იმსჯელებს.
„დღეს შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ოც-ოცი წარმომადგენელი ესწრებოდა თითოეული უნივერსიტეტიდან. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ყველა ვთანხმდებით, უმაღლესი განათლების სისტემა დგას გამოწვევების წინაშე, რეფორმა აუცილებელი, უმნიშვნელოვანესია და განსახორციელებელია. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის საკითხები, რაც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, აუცილებლად გასატარებელია იმიტომ, რომ მის შედეგს აქვს სასიცოცხლოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.
მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის მომესმინა, გამეგო მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ჩემგან იყო კონკრეტული წინადადება, შეთავაზება იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან არის დაკავშირებული. მიმდინარე კვირაში პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, ეს ცვლილებები პარლამენტმა მიიღო და ის პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი საფუძვლები უკვე ძალაშია შესული. შესაბამისად, ერთ-ერთი ნორმა ეხება ზოგადად რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებას, რა დროსაც მინისტრის მიერ ინიშნება დროებითი რექტორი, მოადგილეები და კანცლერი, ასევე მმართველი ორგანოს ჩამოყალიბება ხდება, ეს არის დროებითი საბჭო, რომელზეც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ორივე უნივერსიტეტის მხრიდან უნდა მოხდეს პარიტეტული წესით თანაბარი რაოდენობით ამ საბჭოს დაკომპლექტება და ზუსტად ამ საკითხზე გვქონდა შეთავაზება, რომ ჩამოყალიბდეს დროებითი საბჭო ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან, მათ წარადგინონ კანდიდატურები. რეორგანიზაციის პროცესის წარიმართოს არა რამდენიმე თვის, არამედ განხორციელდეს თუნდაც ორი წლის, ორ წლინახევრის განმავლობაში. შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა მყისიერად და რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც ორ წლის, ორ წელიწადნახევარში იმსჯელოს საკითხებზე, ყველა პოზიცია შეაჯეროს და მხოლოდ შეჯერების შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია.
ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ამ პროცესით კი არ წავიდეთ, არამედ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ყველა ამ საკითხზე იმსჯელებს და შემდგომში გადაწყვეტილებას რასაც მიიღებს, განვახორციელოთ შემდგომი ნაბიჯები რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
საბოლოო ჯამში ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ, რომ ეს შეხვედრა და ეს დიალოგი უმნიშვნელოვანესი იყო. ჩემი მხრიდან იყო თხოვნა, რომ ორივე უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ კონკრეტულ შეთავაზებაზე, გაანალიზოს მისი მხარეები, რომელიც დაკავშირებულია რეფორმის განხორციელებასთან და მიზანშეწონილობასთან და იმსჯელოს მათ მიზანშეწონილობაზე. პარალელურად დაფიქსირდა პოზიცია, რომ ჩვენ გუნდში კიდევ ერთხელ შევაჯერებთ იმ პოზიციებს, რაც გამოთქმული იქნა და ვიმსჯელებთ იმაზე, რა შეიძლება ამ პროცესთან მიმართებით დამატებით კიდევ შევთავაზოთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.