განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრი წარადგენს კონცეფციას, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემას „იმ უნარების განვითარებაზე გადაიყვანს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებიდან არის განპირობებული“. ამის შესახებ მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს რეფორმა იქნება „გეზი და სვლა იმისკენ, რომ საქართველოში უმაღლესი სტანდარტის განათლების სისტემა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს“.
„უახლოეს პერიოდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით კონცეფციას წარადგენს, რომელიც ფუნდამენტურად, უმაღლესი განათლების სისტემას იმ უნარების განვითარებაზე გადაიყვანს, რომელიც უპირველესად, სახელმწიფოს ინტერესებიდან არის განპირობებული. ამიტომ, მინდა დაგარწმუნოთ, ეს რეფორმა იქნება გეზი და სვლა იმისკენ, რომ საქართველოში უმაღლესი სტანდარტის განათლების სისტემა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს. ამასთან, ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, კონკურენციის ფარგლებში, აირჩიოს სასწავლებელი. ეს სასწავლებლები მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება სახელმწიფოს დაკვეთაზე, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში, ამ ახალგაზრდების ადგილობრივად დასაქმებას. რაც მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდებს ეცოდინებათ, რომ კონკრეტული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აუცილებლად უზრუნველყოფილი იქნება თავისი სპეციალობის სამსახურით და საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახურით, ეს განმსაზღვრელი იქნება იმისა, რომ ჩვენი სტუდენტების უმეტესობა საქართველოში გააგრძელებენ სწავლას. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ უცხოეთშიც მიიღონ შესაბამისი [განათლება]“,- განაცხადა მიქანაძემ.
