გივი მიქანაძე – რადიკალებისთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის

მედიასივრცეში 10 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მ, წალენჯიხელ ახალგაზრდებს ღია ცის ქვეშ ასაწყობი აუზი დაუდგა უფასოდ სარგებლობის მიზნით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა და ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაზე, რომლის სხდომებსაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. დეპუტატის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალები არა 26 ოქტომბერს, არამედ 27 ოქტომბერს ელოდებიან, რათა დესტაბილიზაციას შეეცადონ.
„15 ივლისიდან ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ფუნქციონირება დაიწყო უწყებათაშორისმა კომისიამ. დღეის ჩათვლით ჩატარდა კომისიის 5 სხდომა, რასაც მხოლოდ მმართველი გუნდისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რადიკალები არ არიან სამართლებრივ პროცესებზე ორიენტირებული და მათთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის , არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის“, – აღნიშნა მიქანაძემ.
ამასთან, როგორც მიქანაძემ ბრიფინგზე სიძულვილის ენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლელ დიპლომატებს, დონორ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არათუ რეაგირება არ მოუხდენიათ, კონკრეტული ფაქტების დაგმობის განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ.
„აქვე მსურს დავაანონსო, რომ 16 სექტემბრის კვირაში გამოქვეყნდება ქართული ოცნების ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და გარე ძალების წარმომადგენელთა მიერ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ასახავს პერიოდს 2024 წლის 1 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. ანგარიშის ქართული და ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ქართული ოცნების Facebook გვერდზე და იგი დაეგზავნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს“, – განაცხადა მიქანაძემ.