ცალსახაა, რომ კიდევ ერთხელ, მმართველი გუნდი დგამს შემხვედრ ნაბიჯებს ამ ურთიერთობების დარეგულირების თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ გვინდა ჯანსაღი, სამართლიან შეფასებაზე დაფუძნებული და არა ორმაგი სტანდარტების მიდგომით არსებული ურთიერთობები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და აშშ-ს ელჩის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ეს შეხვედრა არჩევნების შემდეგ შედგება.
„კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს ტექნიკური ხასიათის დეტალებია. კონკრეტულად რომელ დღეს შედგება შეხვედრა, ჯერჯერობით შეიძლება უცნობია, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, მალევე მოხდება ეს შეხვედრა. ის, რომ ეს კომუნიკაცია შედგა და ორივე მხრიდან გამოითქვა პოზიტიური მზაობა ამ შეხვედრისთვის, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მმართველი გუნდის გაცხადებულ პოზიციას, რომ ჩვენ მზად ვართ ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან სამართლიანი, ჯანსაღი ურთიერთობების განვითარება, რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლასთან და ინტერესებთან იქნება დაკავშირებული, რათა მალევე მოხდეს საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის სივრცეში. ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მხარეებს საკუთარი პოზიციების წარმოდგენა შეეძლოთ და შეთანხმება იმაზე, სამომავლო ურთიერთობები როგორ განვითარდება. ცალსახაა, რომ კიდევ ერთხელ, მმართველი გუნდი დგამს შემხვედრ ნაბიჯებს ამ ურთიერთობების დარეგულირების თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ გვინდა ჯანსაღი, სამართლიან შეფასებაზე დაფუძნებული და არა ორმაგი სტანდარტების მიდგომით არსებული ურთიერთობები. ამ მოცემულობაში, დარწმუნებული ვართ, ის პროგრესი, რომელსაც საქართველო წლიდან წლამდე აღწევს, სწორად იქნება შეფასებული, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პოზიტიურ დინამიკაში, ძალიან მალე დალაგდეს ეს ურთიერთობები და საქართველო პირველივე გაფართოების ტალღაში მოჰყვეს, გაწევრიანდეს ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად“, – განაცხადა მიქანაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის სანქციებს უკუეფექტი ჰქონდა და რომ ის შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნება. მიქანაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილმა დეტალურად ისაუბრა.
„პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ძალიან დეტალურად გააკეთა განმარტება და ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი, როგორი უსამართლო პროცესები მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ, რომ ის დე-ფაქტო იყო სანქცირებული იმისთვის, რომ ვერანაირად ვერ დაიყოლიეს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ემოქმედა. როგორც მან განაცხადა, ბოლო მნიშვნელოვანი პროცესი მის სასარგებლოდ დასრულდა, ყველაფერი გარკვეული არის, მისივე ინიციატივა იყო, რომ ამერიკის ელჩთან კომუნიკაცია შემდგარიყო, ჩაინიშნა კიდეც შეხვედრა, ამით საპატიო თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა არის მისთვის პრიორიტეტული. პრიორიტეტულია ქვეყანა და ხალხი, ეს ნომერ პირველი პრიორიტეტია, ეს ყოველთვის ასე იყო და მისთვის ყოველთვის ასე იქნება. არ უნდოდა მასთან დაკავშირებულ უხერხულობებს რამე ჩრდილი მიეყენებინა იმ ურთიერთობებზე, რომელიც გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე იყო. ახლა როცა ეს საკითხები სამართლებრივ კონტექსტში მოგვარებულია, სწორედ მისივე ინიციატივით მოხდა ეს პირველი კომუნიკაცია, ესეც ადასტურებს მის მზაობას მსგავსი შეხვედრებისა და ჩართულობისთვის“, – განაცხადა მიქანაძემ.