გივი მიქანაძე – მომავალ კვირას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, მცდელობა იქნება, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ – Deep State-ისთვის მიუღებელია მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლება

მომავალ კვირას, როდესაც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება, იქნება მცდელობა იმისა, რომ საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ – ფაქტია, Deep State-ისთვის მიუღებელია საქართველოში მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლების არსებობა და ყველა მიმართულებით ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობები გააქტიუროს! – ამის შესახებ დღეს პარლამენტში, ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც მიქანაძემ მედიასთან განმარტა, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება შეუჩერონ, რაც იმას ნიშნავს, რომ დელეგაცია ვერ მიიღებს მონაწილეობს სხდომებში, არ ექნება სიტყვით გამოსვლისა და ხმის მიცემის უფლება, მაგრამ საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად დარჩება.
Deep State-ის გარდა, მიქანაძემ აქცენტი „რადიკალურ ოპოზიციაზეც“ გააკეთა და აღნიშნა, რომ Deep State-ის მონა-მორჩილი რადიკალები ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაზიანებას განაგრძობენ.
„საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის ტრადიციულად ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა არსებობს. 26-ე წელიწადია საქართველო ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.
საქართველოსთვის ევროსაბჭოში ჩართულობა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ გასული წლის აპრილიდან მოყოლებული საერთაშორისო კონკრეტული თანამდებობის პირების თუ პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი პოლიტიკოსების მხრიდანაც არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს როგორც საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა. განსაკუთრებით ამას ჰქონდა უპრეცედენტო მოცემულობა წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.
ევროსაბჭოს რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა გააკეთა კონკრეტული განცხადება, რომლითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს, რომ მათ ლიბერალური მიდგომების კონტექსტში ძალიან დიდი ვალდებულებები აქვთ იმ ძალის მიმართ, რომელსაც ჩვენ Deep State-ს ვეძახით. ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სპეციალური განკარგულებაც კი გამოსცა Deep State-თან ბრძოლის თაობაზე, Deep State-ს ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურაში თავისი წარმომადგენლების მეშვეობით სერიოზული გავლენები და საცეცები აქვს.
მომავალ კვირას, როდესაც სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება, იქნება მცდელობა იმისა, რომ საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ.
ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, თუმცა ამის პარალელურად მნიშვნელოვანია საზოგადოებას კიდევ ერთი ფაქტორი შევახსენოთ – რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები უმნიშვნელოვანესია. გახსოვთ, რომ მათ სულ რამდენიმე კვირის უკან ღია, საჯარო წერილით მიმართეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას იმისთვის, რომ არ სცნონ ახალი ქართული დელეგაციის უფლებამოსილება.
ეს არის იმის ანალოგი, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2017-18 წლებში ევროკავშირის წარმომადგენლებს მიმართავდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გაგრძელება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2022-2023 წლებში, როდესაც ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსი არ მიეღო.
ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან, ასევე პოლიტიკურ ჯგუფებთან, კონკრეტული ქვეყნის დელეგაციებთან. ვართ განწყობილი იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა და არა მარტო მონაწილეობა, არამედ წვლილის შეტანა იმ პროცესებში, რაც ევროპის საბჭოს ღირებულებებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტმა, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალით“ დეპუტატებით არის წარმოდგენილი, საერთაშორისო ორგანიზაციებში საპარლამენტო დელეგაციები საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცა.
PACE- ში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელია პარლამენტის ვიცე სპიკერი . დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში არიან გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი და ეკა სეფაშვილი, ხოლო სათადარიგო შემადგენლობაში – რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზვიად შალამბერიძე.