[სასამართლოს] განვუცხადე, რომ მაქვს სრული უფლება უნდობლობით ვიყო განწყობილი ამ კომისიის მიმართ, ასევე სრული უნდობლობით ვარ განწყობილი პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია რა გაგრძელება ექნება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მის გამოუცხადებლობას.
„ერთი კითხვა იყო, ვიყავი თუ არა ინფორმირებული იმ საჯარიმო სანქციებზე, რასაც ითვალისწინებს კომისიაზე გამოუცხადებლობა. დავუდასტურე, რომ ვიყავი ინფორმირებული. კითხვა იყო რატომ არ მივედი, განვუცხადე, რომ მაქვს სრული უფლება უნდობლობით ვიყო განწყობილი, ამ კომისიის მიმართ, რომელიც რუსების შეკვეთითაა შექმნილი და რუსი ადამიანის ნანა კაკაბაძის პირადი წერილის საფუძველზე, სადაც შიგნით ზის როგორც წევრი სოზარ სუბარი, მეორე რუსი ადამიანი, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩემს დაკითხვას ლამობდა აქ საქართველოში. გარდა ამისა, პოლიტიკურად ეს არის არალეგიტიმური სტრუქტურის, არალეგიტიმური პარლამენტის ერთ-ერთი დანაყოფი. ასევე ვარ განწყობილი სრული უნდობლობით პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია, დაფარა ფაქტები“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
