გივი თარგამაძე: ომის გამოძიებისას ჰააგამ ჩემი ჩვენების საფუძველზე გასცა დაკავების 5 ორდერი

პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ, რომელსაც ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა ელის, ფორმულასთან 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებაზე ისაუბრა.
გადაცემაში ხალხთან ერთად მან ექსკლუზიურად თქვა, რომ აგვვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოში იყო მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზეც გაიცა დაპატიმრების 5 ორდერი იმ რუს მაღალჩნოსნებზე, რომლებიც ამ ომზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
გივი თარგამაძის თქმით, ირონიაა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ და მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადეს”, ის კი ამის გამო – უნდა დაიჭირონ.
“მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე და ჩემი პირადი ჩვენების საფუძველზე გაიცა ის 5 ორდერი, რომელიც გასცა ამ სასამართლომ დაპატიმრების – ეს იყო გენერალ ბორისოვზე, ჩოჩიევზე, მაშინ პრემიერი ერქვა, მერე შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომელიც რუსი იყო, პირდაპირ, იმ იზოლატორის უფროსზე, რომელმაც იქ ტანჯა ჩვენი ამდენი მოქალაქე ამდენ ხანს და ე.წ. ომბუდსმენზე, რომელიც ამ ყველაფრის ნაწილი იყო, კიდევ. ამ წუთას, მე მაქვს მოწმის სტატუსი ჰააგის სასამართლოსი.
იცით, აქამდე მე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი, რა ზოგადად ეტიკეტსაც ვიცავდი, რაღაც ურთიერთობებსაც, მაგრამ ახლა უკვე იმდენად მორღვეულია ეს მთავრობა ცივილიზებული სამყაროსგან, რომ ამის დამალვასაც აზრი აღარ აქვს. მთავარი კაზუსი და ირონია ისაა, რომ მაშინ წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი, ეს ჰააგაში გამარჯვება გამოაცხადა ქოცური მთავრობის და თავის პირად გამარჯვებად და მერე დამიბარა ამ თავის კომისიაში, სადაც იძახდა, რომ ეს ყველაფერი იყო პირიქით და ამის გამო უნდა დავეჭირე”, – ამბობს გივი თარგამაძე.