გივი თარგამაძე განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზე გამოცხადდება.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გასული სხდომა ბრალდებულ თარგამაძის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო, თუმცა პოლიტიკოსი ამ უფლებით არ ისარგებლებს.
გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.
აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.