გიგი წერეთელი – უფრო სწორი იქნებოდა, გვესაუბრა იმაზე, რომ შეიძლება ორი არჩევნები ჩატარდეს ერთად

გიორგი ბაჩიაშვილი ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი იყო და მის ფინანსებს განკარგავდა. მან ბევრი რამ ძალიან ზუსტად იცის და, ალბათ, კიდევ იქნება ის, რაც არ ესიამოვნება ”ქართულ ოცნებას” და, ალბათ, არც ბიძინა ივანიშვილს , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
გიგი წერეთლის თქმით, ბაჩიაშვილმა საზღვრის კვეთისას გამოიყენა სუსტი წერტილი და ქვეყანაში ასეთი სუსტი წერტილი ბევრია.
მისი შეფასებით, ეს არა მარტო ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ კიდევ ბევრგან იჩენს თავს, რადგან სახელმწიფო სამსახურში მყოფ ადამიანებს ძალიან დიდი შინაგანი პროტესტი აქვთ.
“გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი იყო და მის ფინანსებს განკარგავდა. მან ბევრი რამ ძალიან ზუსტად იცის და, ალბათ, კიდევ იქნება ის, რაც არ ესიამოვნება ”ქართულ ოცნებას” და, ალბათ, არც ბიძინა ივანიშვილს. როგორც ჩანს, მისი დაპატიმრება გადაწყვეტილი იყო და გუშინდელმა და დღევანდელმა დღემაც, როდესაც მას სამჯერ გამოუცხადეს პატიმრობა, ეს დაადასტურა. ბაჩიაშვილმა დაასწრო და საკმაოდ ეფექტურად დაადგა იმ გზას, რომელიც მან აირჩია.
როდესაც ამგვარი ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ბევრგან კორუფციამაც შეაღწია, მე არ მინდა, ეს მარტო კორუფციას დავაბრალო, განწყობის ბრალიც არის – ადამიანებს რაღაც შინაგანი პროტესტი აქვთ და მე არ ვიცი, ვინ მიეხმარა ან მიეხმარა თუ არა საერთოდ, მიხმარებაც არ არის აუცილებელი, ფაქტია, რომ რაღაც სუსტი რგოლი არსებობს. მე პირადად გულიც არ დამწყვეტია, რომ ის საზღვარზე არ დააკავეს, პირიქით. თავისუფლება არჩია ციხეში ყოფნას, მითუმეტეს, ამ კონკრეტული ამბის გამო, მაგრამ ფაქტია და თავადაც თქვა, რომ გამოიყენა ის სუსტი წერტილი, რაც არის და ასეთი სუსტი წერტილი ძალიან ბევრია, იმიტომ, რომ ადამიანებს, მათ შორის, ვინც ჯერ კიდევ არიან სახელმწიფოს სამსახურში, მათშიც ძალიან დიდი შინაგანი პროტესტია, ამიტომ ეს ბევრგან იჩენს თავს, არა მარტო ამ ერთ შემთხვევაში”, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.
გარდა ამისა, გადაცემაში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ყველა პარტიას უნდა არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი თავის გამოცდა, მაგრამ ისეთ პირობებში, როგორ არჩევნებსაც “ქართული ოცნება” ატარებს, წერეთლის თქმით, ეს წაგებულ თამი შესვლა იქნება.
“გვინდა, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, ჩემი აზრით, ყველა პარტიას აქვს სურვილი, გამოცადოს საკუთარი თავი – სწორედ არის მთავარი ასპარეზი პოლიტიკური პარტიებისთვის, ოღონდ ამას სჭირდება პირობები, ამას სჭირდება მინიმუმად თანაბარი ველი მაინც, ამას სჭირდება ის, რომ ხელისუფლებას ასეთი მკაცრი რეპრესიული მანქანა არ ჰქონდეს ამუშავებული, ასეთ რესურსებს არ ყრიდეს საქმეში, ასეთი მანიპულირებებისთვის არ იგონებდეს ათასგვარ ხრიკებსა და ხერხებს, ასე არ აშინებდეს ადამიანებს, ამიტომ, თუ ეს პირობები არ არსებობს და ყველაფერი ისევ დომინანტურად უნდა წარიმართოს ხელისუფლების პირობებში, მაშინ წაგებულ თამაშში შესვლა არავის არ უნდა, შესაბამისად, დღესდღეობით არ მგონია, თუ რაიმე არ იცვლება, ვინმეს ჰქონდეს სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ინსტინქტი ამას გკარნახობს, რომ არ ჩამორჩე პროცესს იმიტომ, რომ ამით ზარალდება ყველა პოლიტიკური პარტია.
მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო სწორი იქნებოდა, გვესაუბრა იმაზე, რომ თუ ამ არჩევნების დრო მოდის, შეიძლება ორი არჩევნები ჩატარდეს ერთად. თუ ხელისუფლებას სურს, რომ კონსტრუქციულად განვითარდეს ქვეყანაში პროცესი, ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია, ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ გამოვა იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქვთ ერთი ამოცანა – შეიქმნან კომფორტი, გაიხანგრძლივონ ხელისუფლების ვადა, იფიქრონ, რა მოეწონება ივანიშვილს და ა.შ.” , – განაცხადა გიგი წერეთელმა.