ვფიქრობ, იმ კონსოლიდაციის პროცესს, რომელიც აუცილებელია ცვლილებებისთვის, გიორგი ვაშაძე ხელს შეუწყობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა რუსთავის ციხესთან, სადაც პოლიტიკოსები და ოჯახის წევრები „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ციხიდან გამოსვლას ელოდებიან.
მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის ოჯახს და შვილებს აბსოლუტურად დაუმსახურებელი სტრესი ჰქონდათ მთელი ამ თვეების განმავლობაში.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ვაშაძე საპატიმროს დატოვებს, თავის ოჯახთან, საზოგადოებასთან იქნება. მეორე მხრივ ტრაგიკული ამბავია, თუ რატომ? რის გამო იყო ამ თვეების განმავლობაში საპატიმროში, რატომ ვართ დილის 7 საათზე მოსულები. ეს არის ასახვა იმ მძიმე რეალობის, სადაც ვცხოვრობთ. რას გააკეთებს გიორგი ვაშაძე, ვნახავთ. ძალიან აქტიური ადამიანია, ყოველთვის ძალიან ბევრი იდეა ჰქონდა, ბევრი ენერგია და ვფიქრობ, იმ კონსოლიდაციის პროცესს, რომელიც აუცილებელია ცვლილებებისთვის, გიორგი ვაშაძე ხელს შეუწყობს.
მინდა გავიზიარო სიხარული, მის ოჯახს და შვილებს აბსოლუტურად დაუმსახურებელი სტრესი ჰქონდათ მთელი ამ თვეების განმავლობაში, ის რომ არაფრის გამო გაცხადების და ტროტუარზე დგომის გამო ციხეში შეიძლება აღმოჩნდნენ ყველაზე მიუღებელია“,- აღნიშნა წერეთელმა.




