„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი:
მიტაცებული არჩევნებიდან წელიწადი გავიდა და ვხედავთ, თითქოს ერთ დიდ სასამართლოდ თუ საპატიმროდ გადაიქცა ქვეყანა. რეპრესიული სისტემის მიერ ძალადობის, დამცირების, დაშინების მთავარ ინსტრუმენტად გამოყენებას უპირისპირდება ათასობით მოქალაქის მშვიდობიანი პროტესტი, თავისუფლებისთვის და დემოკრატიული მომავლისთვის უპრეცედენტო სიმტკიცე, საკუთარი სამშობლოს სიყვარული, მისი ევროპული და არა რუსული პერსპექტივის გადარჩენის იმედი!
უამრავი ახალგაზრდა თუ უფროსი თაობის პატრიოტი ისევ გამოაჩინა ამ პროცესმა, ვინც ვერ შეეგუება ჩვენი ქვეყნის კორუმპირებულ ავტოკრატიად გადაქცევას, კონსტიტუციის გათელვას და დამოუკიდებლობის დაკარგვას.
ყველამ, ვინც თითქმის ერთი წელია ქუჩაში აპროტესტებს ოცნების ხელისუფლების ქმედებებს, ზუსტად იცის, რომ ეს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, ამ ქვეყნის მომავლისთვისაა, სადაც რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების,თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, მხოლოდ მძიმე მოგონებად დარჩება, სადაც კანონი იკანონებს და სასამართლოს ნდობა ექნება, სადაც იქნება დემოკრატიული არჩევნები და არ იქნება ერთპარტიული პარლამენტი, სადაც ვერავინ მიიტაცებს ხელისუფლებას ძალით, ადამიანები დაცულად იგრძნობენ თავს და საკუთარი სამშობლოდან გაქცევაზე არ იფიქრებენ…
ამიტომ, ეს პროცესი, აუცილებლად ამ ხალხის და თავისუფლების იდეის გამარჯვებით დასრულდება. რამდენი პატრიოტიც არ უნდა გაუშვან ციხეში ან სხვაგვარად დააშინონ, ამ მიზანს და რწმენას ვერ გააქრობენ, ამას ყოველდღიურად ვხედავთ რუსთაველზე, ვხედავთ, თუ როგორ ღირსეულად ხვდებიან ჩვენი მეგობრები და თანამოაზრეები პოლიტიკური სასამართლოს გადაწყვეტილებებს და კიდევ უფრო მეტი სიმტკიცით აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიისთვის.
ჩვენი მხარდაჭერა და მადლიერება თითოეულ მათგანს!

როგორც ერთმა დიდმა მოაზროვნემ თქვა- „იდეა, რომლის დროც დადგა, ყველაზე ძლევამოსილ არმიაზე ძლიერია“ ასეთია საქართველოს თავისუფლების იდეაც!




