გიგი წერეთელი – პრეზიდენტის სურვილია, მაქსიმალურად სტაბილურობა არსებობდეს, იმ პერიოდში, ვიდრე მთავრობა დაკომპლექტდება – არის გადამზღვევი მექანიზმის შექმნის სურვილი

ახლა ფოკუსირება არჩევნებზე უნდა მოხდეს – პრეზიდენტის სურვილია მაქსიმალურად სტაბილურობა არსებობდეს, იმ პერიოდში, ვიდრე მთავრობა დაკომპლექტდება , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, მთავარი ამოცანა არჩევნებში გამარჯვებაა.
“ძალიან მშვიდი და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა პრეზიდენტთან. ვიცით მისი მოსაზრებები, თუმცა მიგვაჩნია, რომ ახლა ფოკუსირება არჩევნებზე უნდა მოხდეს. გამარჯვება დღეს მთავარი ამოცანაა, იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას სწორედ ევროპული კეთილდღეობა ჰქონდეს და დავეხსნათ ვითარებას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა.
პრეზიდენტის სურვილია, მაქსიმალურად სტაბილურობა არსებობდეს, იმ პერიოდში, სანამ მთავრობა დაკომპლექტდება. ისიც დარწმუნებულია გამარჯვებაში. რაიმე დაკონკრეტებული არ არის, არის სურვილი გადამზღვევი მექანიზმის შექმნისა, თუკი იქნება სხვა პოლიტიკური აქტორებისა თუ კოალიციების საუბარი და მუშაობა, ჩვენ ნამდვილად არ გამოვაკლდებით ამ პროცესს. არის ვერსია, რომ არსებობდეს ე.წ. გარდამავალი, დროებითი თუ პროფესიონალური მთავრობის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. თუკი იქნება კონსულტაციების საერთო პროცესი, ჩვენ ცალკე კონსულტაციებს არც და ვერც ვაწარმოებთ. ეს უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
როგორც ცნობილია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო. პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.