ეს არის ისევ გუნდური გადაადგილებები, საიდანღაც გამოუშვეს და სხვაგან უნდა გაუშვან, მთლად არ გადააგდონ სხვადასხვა პერსონაჟები. რჩება ყველაფერი ამ არსებული მავნებლური, ზოგიერთ შემთხვევაში, მართლა, ქვეყნის ინტერესების მოღალატეობრივ ჩარჩოში – ნეტა არსებობდეს ამ მთავრობის რომელიმე მინისტრი და ფიგურა, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალურად რამე შეცვალოს, მაგრამ ასეთი არ არსებობს, მაშინ, როცა არის ასეთი ვერტიკალი აგებული და ერთ ადამიანზე მორგებული, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში დიპლომატიური გადაადგილებები, კერძოდ, გერმანიაში საქართველოს ელჩად ალექსანდრე კარტოზიას, ხოლო ნატოში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაიას დანიშვნა.
როგორც გიგი წერეთელმა განმარტა, იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ შეტევას და ბრალდებების ენით საუბარს პარტნიორების მიმართ, ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა ვერ შეძლებს გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილების შეტანას ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.
„შეიძლება პირადი ურთიერთობით ვინმესთან შეხვედრა მოახერხოს ვინმემ, მაგრამ მთლიანობაში პოლიტიკის ჩამოყალიბება და გერმანიის პოზიციის ცვლილება საქართველოს მიმართ, იმ ფონზე, როდესაც ასეთი ლანძღვა მიდის, ამგვარი ბრალდებებია, ამგვარი შეტევაა გერმანიის ელჩზე, ანუ გერმანიის სახელმწიფოზე, ამას ვერ უშველის ვერავინ. ამას უშველის მხოლოდ ცვლილება. თუ საქართველოს სურს დათბობა, ცვლილება უნდა იყოს მათ არამარტო რიტორიკაში, არამედ პოლიტიკაში, ნაბიჯებში, დამოკიდებულებებში. მტრად გამოცხადება იმ ადამიანების ან იმ ქვეყნების, ვისთან ერთად გინდა ყოფნა, წარმოუდგენელია. შეიძლება, რომ საქართველო გერმანიასთან იყოს ცივ ომში მისივე ინიციატივით ?!“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლობას სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილის მონაწილეობას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს დიდი მოლოდინები არ ჰქონდა, ამიტომ იქნა მიღებული დელეგაციის ამგვარი ფორმირების გადაწყვეტილება.
„შეიძლება ვიღაცას ჩაუსაფრდი იქ, გადაუდექი გზაზე, ხელი ჩამოართვი და სურათი გადაიღე, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ სრულყოფილი შეხვედრები, დატვირთული შინაარსით, მიზნითა და სერიოზულობით, ამას არ ველოდები და კობახიძემაც შეიძლება იცის დამოკიდებულება ძალიან ბევრი ლიდერის, პირადად მის მიმართაც და ამ ვერსიასაც არ გამოვრიცხავ [რომ კობახიძემ თავი აარიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებას], იმის გამო, რომ დიდს არავინ არაფერს ელოდებოდა ამ შეხვედრებისგან, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს [მიხეილ ყაველაშვილის გამგზავრების].
ისიც არ ვიცი, იქ როგორ შეიძლება გამართლება მოუძებნონ ამდენ პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც არასდროს ყოფილა საქართველოში და შეუთავსებელია ნებისმიერ დემოკრატიულ სტანდარტთან. იგივე არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლებაა, რომელსაც პრაქტიკულად არ ცნობს და არ ეკონტაქტება არც ერთი სერიოზული დიდი დემოკრატიული ქვეყანა ან აქვს უკიდურესად გაფუჭებული ურთიერთობები, როდესაც „MEGOBARI აქტი” არის განხილვის სტადიაში სენატში, რომლის მიღების შემთხვევაში და იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკა არ იცვლება და ჯიუტად აგრძელებს დღეს არსებული ხელისუფლება ამ ნაბიჯების გადადგმას ქვეყნის შიგნით თუ რუსეთთან ურთიერთობის თუ სხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მძიმე დარტყმა,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
ის, ასევე, გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ლუქსემბურგის მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს იზოლაციის ძალიან მძიმე მაგალითი.
„თუ რამე გაბრაზების საფუძველი აქვთ, თავის თავზე უნდა გაბრაზდნენ და იმ ხელისუფლებაზე, რომლის ნაწილიც არიან. რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი, სამწუხარო ამბავი, მაგრამ ეს მოსალოდნელიც არის. ჩვენ ამდენი თვის განმავლობაში სახელისუფლებო პოლიტიკას ვაკრიტიკებდით და ვამბობდით, რომ ამას მივყავართ უკიდურეს იზოლაციამდე და ამ იზოლაციის მაგალითებია ეს ყველაფერი, თუმცა ძალიან მტკივნეული მაგალითები. საქართველოსთან არ გაუწყვეტიათ დიპლომატიური კავშირი და საერთო ჩამონათვალში, სადაც ელჩებს იწვევენ, მიიწვიეს საქართველოს ელჩიც, მაგრამ მინისტრის მიწვევა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ მინისტრებს იქ გამოსვლა და ლაპარაკი შეუძლიათ, რაღაც გადაწყვეტილებებში იღებენ მონაწილეობას. ამიტომ, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა მდგომარეობაშია საგარეო ნაწილში საქართველო დღეს არსებული ხელისუფლების გამო და ეს პერსპექტივები კიდევ უფრო მძიმდება თუ არაფერი იცვლება და ეს გახდება ჩვეულებრივი ამბავი. ვერც გავიხსენებ ბოლო პერიოდში რაიმე სერიოზულ ევროპულ დელეგაციას. მე არ ვამბობ, რომ ემირატები თუ ჩამოვა, ცუდია, მაგრამ ჩვენ არ მივდივართ არაბულ კავშირში ან BRICS-ში, ჩვენი კონსტიტუციით ვალდებულებაა ევროკავშირთან ინტეგრაცია და აქ გვაქვს სრული კრახი. საბოლოოდ, ეს იქნება ასე, სანამ ჩვენი პარტნიორები არ დაინახავენ, რომ ცვლილება არის მიდგომებში, პრინციპებში, რომ ქვეყანაში არ არის დაკარგული არჩევნებისა და დემოკრატიის პერსპექტივა, რომ ქვეყანა ასრულებს იმ მინიმალურს მაინც, რაც ეხება სასამართლო რეფორმას, ადამიანის უფლებებს და არ აკავებს და არ იჭერს ადამიანებს სამოქალაქო პროტესტის გამო, პოლიტიკოსებს განცხადებების გამო“,- განაცხადა წერეთელმა.
ამასთან, მან საქართველოს საგარეო უწყების პოზიცია, რომ ელჩის დონეზეც არ მიიღებენ მინისტერიალში მონაწილეობას, რუსეთისა და ბელარუსის პოზიციას შეადარა.
„ასე ყოველთვის იქცეოდნენ იზოლირებული ავტორიტარული ქვეყნები და ძირითადად რუსეთი და ბელარუსი იყვნენ ასე, რომ აქ თუ არ მიმიწვევ, საერთოდ არ მინდა…“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
