გიგი წერეთელი – დღევანდელმა საკომიტეტო განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მთავარი პრობლემა „ოცნების“ მმართველობის მოდელშია და არა მხოლოდ კანონის ცალკეულ მუხლებში

დღევანდელმა საკომიტეტო განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მთავარი პრობლემა „ოცნების“ მმართველობის მოდელშია და არა მხოლოდ კანონის ცალკეულ მუხლებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის იურიდიულ კომიტეტში განხილვას გამოეხმაურა.
წერეთლის თქმით, ამ განხილვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა და მიზანი რუსული ტიპის კანონის ნებისმიერი საშუალებით მიღებაა.
“როგორც ჩანს რაიონებიდან აქტივის მობილიზაციასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობამ დაგეგმა, რომ ეს პროცესი მკაცრი ცენზურითა და ოპოზიციისთვის დამამცირებელი ფორმით წარემართა, ლოგიკურად ჩნდება კითხვა – ღირს თუ, არა ასეთ განხილვაში მონაწილეობის მიღება და თითქოს ლეგიტიმური და დემოკრატიული სურათის შექმნა.
ვერ წარმომიდგენია რომელიმე ნორმალური ქვეყნის პარლამენტი, სადაც შესაძლებელია კომიტეტში დებატების და დამატებითი კითხვების გამო ამდენი ოპოზიციონერი დეპუტატის დარბაზიდან გაძევება. დღევანდელმა საკომიტეტო განხილვამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაგვანახა, რომ მთავარი პრობლემა ოცნების მიერ შექმნილ მმართველობის მოდელსა და სისტემაშია, სწორედ ეს არის შესაცვლელი და არა მხოლოდ კანონის რომელიმე მუხლი”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ