პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, დოკუმენტში გამოყენებული ფრაზეოლოგია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმეორებს, რომლებიც საერთაშორისო არენაზე ამტკიცებდნენ, თითქოს „საქართველომ დაიწყო ომი და დაბომბა მძინარე ცხინვალი“.
„რა უნდა წავიკითხოთ? უკვე 13 წელია გვესმის ერთი და იგივე ლაპარაკი. ეს არის ჩვეულებრივი ანგარიშსწორება. რაღაც პერიოდში განმავლობაში, მეც ვიყავი ხელისუფლებაში, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამავე წარმატებით დღეს „ქართულ ოცნების“ დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდნენ „ნაციონალურ მოძრაობის“ დროს. ჯერ თავის რიგებში მოიკითხონ და გაარკვიონ ვინ რას აკეთებდა და სჩადიოდა. რაც შეხება ამ დასკვნას, ეს არის ანგარიშსწორების დოკუმენტი, სადაც შეიძლება იყოს კონკრეტული ისტორიები, რომებიც ეხება გადამეტებას, ბიზნესის დაჩაგვრას, სამწუხაროდ, შეიძლება ასეთი რამ ხდებოდა, მაგრამ იმ ნაწილში, რაც ეხება ომს და 2008 წლის ინტერვენცია და სხვას , რა მნიშვნელობა აქვს იმ დროინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებ თუ სხვას, ადანაშაულებენ საკუთარ ქვეყანას – საქართველოს. ეს არის ის ისტორიები, რომლებსაც ვისმენდით რუსეთის მაღალჩინოსნებისგან.
საერთაშორისო არენაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტი იყო, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო ომი, დაბომბა მძინარე ცხინვალი… ახლა რაც გვესმის, ერთი და იგივე გადმოქართულებული ფრაზეოლოგიაა“, – განაცხადა წერეთელმა და დასძინა: „ეს არის პარტიული დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულმა პარტიამ შექმნა“.
წერეთელმა გადაცემაში ასევე შეაფასა მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისთვის დაწერილი ღია წერილი.
წერეთლის თქმით, ყაველაშვილის წერილის შინაარსი გამაღიზიანებელია და საკითხების არასწორად წარმოჩენას ემსახურება. მისი თქმით, ხელისუფლება ვერ დაიწყებს ურთიერთობას „სუფთა ფურცლიდან“, სანამ ქვეყანაში არ შეიცვლება არსებული გარემო.
წერეთლის მოსაზრებით, შესაძლოა ყაველაშვილს ვიღაცამ ურჩია მსგავსი წერილის გაგზავნა ყურადღების მისაპყრობად, თუმცა „ეს ყურადღება გაცილებით უარესი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე თავად სჭირდებათ“.
„შეიძლება ვიღაცამ ურჩია წერილის გაგზავნა. ამ წერილში ისეთ შინაარს დებენ, რომელიც ან გამაღიზიანებელია, ან საკითხების არასწორი წარმოჩენა. ცდილობენ, მაგრამ ვერანაირად ვერ დაიწყება სუფთა ფურცლიდან ურთიერთობა. სუფთა ფურცელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს თუკი აქ გასუფთავდება ის გარემო, რომელიც შეიქმნა. სუფთა ფურცელი ვერ იქნება პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად, ფალსიფიცირებულ არჩევნებთან და რეპრესიებთან ერთად. უნდა გააკეთო ის, რასაც ცივილიზებული სამყარო გთხოვს და ამის შემდეგ შეიძლება. შეიძლება ვიღაცამ ურჩია ასეთი ტიპის წერილის დაწერა ყურადღების მიპყრობისთვის. შეიძლება გაცილებით ცუდი ყურადღება მიაქციონ, ვიდრე მათ სჭირდებათ“,- განაცხადა წერეთელმა.
