დღევანდელი ვაშინგტონის შეხვედრის მოლოდინი დიდია მთელ მსოფლიოში, რომ უკრაინის ომის ბედი გაირკვევა და ალასკის ტრამპ-პუტინის სამიტის კონკრეტულ შედეგს ვნახავთ , – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე წერს.
როგორც წერეთელი აღნიშნავს, დონალდ ტრამპმაც და სხვა ლიდერებმაც უკვე კარგად იციან, რომ პუტინი პატივისცემით მოპყრობას მხოლოდ საკუთარი გეგმების შესრულებისთვის იყენებს.
“მიუხედავად იმისა, რომ აგრესორისა და დიქტატორის ამგვარმა მიღებამ სასიამოვნო შთაბეჭდილება არ დატოვა, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი მომენტი იყო ომის დასრულებისა და მოსალოდნელი შეთანხმების პროცესში. შესაბამისად, ასეთ დრამატულ პირობებში დიპლომატიური რევერანსებიც შესაძლებელია სასურველი შედეგის მისაღწევად.
უახლოეს საათებში გამოჩნდება, თუ რას გულისხმობდა აშშ პრეზიდენტი, როდესაც გარკვეულ შეთანხმებებზე საუბრობდა. მან და სხვა ლიდერებმაც უკვე კარგად იციან, რომ პუტინი პატივისცემით მოპყრობას მხოლოდ საკუთარი გეგმების შესრულებისთვის იყენებს. მას არ შეუცვლია ძირითადი მოთხოვნები ყირიმის,დონბასისა და სხვა ტერიტორიების ოკუპაციასთან, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან და დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით, მხოლოდ დანარჩენი უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიებს თანხმდება თითქოს.
დღესაც, ვაშინგტონის შეხვედრის წინ მასიური შეტევები იყო ხარკოვზე, ზაპოროჟიესა და ოდესაზე ადამიანების დაშავებით და მსხვერპლით. რუსეთი ბოლო წუთამდე შეეცდება ცეცხლის შეწყვეტის ფასი გაზარდოს, მოითხოვოს ბევრი და მიიღოს მისთვის მაქსიმალურად სასურველი პირობები.
ზელენსკიმ მოახერხა ძლიერი ევროპული კოალიციის შექმნა, რაც მას აძლევს საშუალებას დაიცვას პოზიციები და არ დათანხმდეს კაპიტულანტურ პირობებს. ყველას ესმის, რომ რუსეთის პრინციპებზე შეთანხმება არ არის გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია, ამის ისტორიული მაგალითები საკმაოდაა.
ამიტომ, ამერიკის პოზიცია უკრაინის, ნატო-სა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ ამ ვითარებაში გადამწყვეტია. გასაგებია, რომ შეთანხმებას კომპრომისები სჭირდება, მაგრამ ეს, პირველ რიგში, აგრესორს უნდა მოეთხოვოს და არა მსხვერპლს.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს ომს, ამერიკა უმძიმეს სანქციებს დააწესებს, ასევე მზადაა ევროკავშირიც და უკრაინის დახმარებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. იმედია, დღევანდელი შეხვედრების შემდეგ, პუტინი შესაბამის გზავნილს მიიღებს. არ ვფიქრობ, რომ ვინმე მისთვის კოჭის გაგორებას გეგმავს ვაშინგტონში. სხვაგვარად ომი არ დასრულდება და შედეგებიც არაპროგნოზირებადია.
ვაშინგტონის დღევანდელი შეხვედრა ჯერ ვერც იალტის თუ თეირანის მნიშვნელობის იქნება, არც ბოლო, დაწყებული მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ შეიძლება ითამაშოს გარდამტეხი როლი ამ უსამართლო ომის დასრულებისა და ევროპის მომავალი უსაფრთხოებისათვის.
საქართველოსთვის კი, მშვიდობიანი განვითარება მხოლოდ რუსეთის დასუსტების, მასზე დამოკიდებულების დასრულების და დასავლეთთან ინტეგრაციის პირობებშია შესაძლებელი”, – წერს გიგი წერეთელი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.
