გიგი წერეთელი – ალბათ, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ძნელად გასახსენებელია სხვადასხვა კომპონენტით ასეთი მძიმე 365 დღე

ალბათ, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ძნელად გასახსენებელია სხვადასხვა კომპონენტით ასეთი მძიმე 365 დღე – ალბათ, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მოხვდება, როგორც უპრეცედენტო დემოკრატიული მშვიდობიანი პროტესტის წელი,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, საიდანაც შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან.
მისივე თქმით, პროტესტი ვერაფერმა გააჩერა.
“ჩვენ გვქონდა უმძიმესი 1 წელი. ალბათ, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ძნელად გასახსენებელია სხვადასხვა კომპონენტით ასეთი მძიმე 365 დღე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის დიდი პროტესტი, რომელიც საზოგადოებაშია. ეს არის ფიზიკური პროტესტი. შეიძლება, ყველა არ არის აქციაზე ყოველდღე, მაგრამ ეს პროტესტი არსებობს, ვხედავთ და ვერაფერმა გააჩერა. ყველა ინსტრუმენტია გამოყენებული, რაც რეპრესიულ სისტემაში შეიძლება იყოს. შეიძლება არ ხვრეტენ ადამიანებს, მაგრამ გაუგონარი რამ ხდება, როდესაც ასეთი გაუგონარი სიმკაცრეა, პოლიტიკური სივრცის დახშობა, პოლიტიკური პროცესის ჩაკვლის მცდელობაა, ამდენი პოლიტიკური პატიმარი და ქვეყნის ტრაექტორიის მკვეთრი ცვლა, რაც არის ამ პროტესტის მთავარი საფუძველი. დღესაც ამ სიმბოლურ წელს აღვნიშნავთ, რომელიც ალბათ, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მოხვდება, როგორც უპრეცედენტო დემოკრატიული მშვიდობიანი პროტესტის წელი. ამ მტკივნეულ მომენტებთან ერთად არის დიდი იმედის საფუძველი”,- აღნიშნა გიგი წერეთელმა.
ცნობისთვის, დღევანდელი საპროტესტო აქცია-მსვლელობა უკავშირდება 1 წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.დედაქალაქში, 19:00 საათიდან, საპროტესტო მსვლელობა ორ ლოკაციაზე – თსუ-ის პირველი კორპუსთან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან შეიკრიბა და რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ.