გიგი უგულავა: ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური ოპოზიცია შეათრიოს ამ არჩევნებში, თან ისე, რომ არანაირი ფასი არ გადაიხადოს, უბრალოდ, დანებებულს, ჩახდილს მიაღებინოს მონაწილეობა

“ჩვენ ახლა კარგად ვხედავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რაღაც ტროას ცხენად გადაიქცა. კერძოდ, ის, რომ ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკური ოპოზიცია შეათრიოს ამ არჩევნებში, თან შეათრიოს ისე, რომ ამაში არანაირი ფასი არ გადაიხადოს, უბრალოდ, დანებებულ (ვიხმარ ამ სლენგს, ვინაიდან დღეს ასე გამოიყურება) ჩახდილ [ოპოზიციას] მიაღებინოს მონაწილეობა. ეს ბუნებრივი სურვილია – მათ უნდათ, რომ ნაკლებ ფასად მეტი მოგება ნახონ,” – ამის შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავა მიიჩნევს, რომ “ადგილობრივი არჩევნების საზოგადოებრივი ბოიკოტის კომიტეტი” უნდა შეიქმნას.

“ამ ვითარებაში, როდესაც ამდენი პატიმარია, როდესაც ბოლო 1.5 წელში მიღებული კანონმდებლობა არათუ არჩევნების, არამედ სუნთქვის შესაძლებლობას აღარ აძლევს არც მედიას, არც სამოქალაქო საზოგადოებას, პარტიებს კრძალავენ და ა.შ. იმ პირობებში, როდესაც კრატერის პირას დგანან პოლიტიკური ლიდერები და მათ ციხეებში უშვებენ, გეგონება, გავარვარებულ ლავაში ხტებიან და დანარჩენებზე ყულფია მიჭერილი და ერთ, ორ თვეში… რაღაც რიტუალურ დაჭერას დაემსგავსა, ასეთ ვითარებაში უბრალოდ წარმოუდგენელია მონაწილეობის მიღება. ეს გააჟღერა სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ ამის გაჟღერება არ კმარა.

დღეს ვხედავთ, რომ ვიღაც შერბის ამ არჩევნებში, ვიღაც ყოყმანობს, ვიღაც არ აპირებს და ა.შ. დავანებოთ საერთოდ ამ პარტიებს თავი, – ორი დღეა, ჩვენ ვუყურებთ საზოგადოების თვითორგანიზების საუკეთესო მაგალითებს. დაახლოებით, 50 ღონისძიება იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაგეგმილი, რომელიც ერთმანეთში არც ირეოდა, მაგრამ ერთმანეთს ავსებდა. მთელი 6 თვეა, საზოგადოება აჩვენებს საუკეთესო თვისებებს ამ ბრძოლისა და თვითორგანიზებისთვის. როდესაც ვხედავთ, რომ ხელისუფლებისთვის მომდევნო 4 თვე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ფულსაც იქ ხარჯავს, ენერგიასაც იქ ხარჯავს – ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მივიდეთ და იქ ვუტიროთ ყოფა. ახლა უნდა დაფუძნდეს ადგილობრივი არჩევნების საზოგადოებრივი ბოიკოტის კომიტეტი, რომელიც დღეიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ორგანიზებას დაუწყებს: პიარი, კლიპები, სიარული და ა.შ,” – განაცხადა გიგი უგულავამ.