ძალიან და გულწრფელად გამიხარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება – მათი დაჭერაც პოლიტიკური აქტი იყო, გამოშვებაც. არც დაჭერას ეკითხებიან პატიმარს და არც გამოსვლას , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ლელო“ დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა და ეს არჩევანი მათ დაჭერამდე გააკეთეს.
“ძალიან და გულწრფელად გამიხარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება. ან საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანს არ გაგიხარდეს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება და რომ ისინი უკანონო, პოლიტიკურ ტყვეობაში იყვნენ, ამაზე საერთოდ არ ვდავობთ, ცხადია, თუ “ქოცი” არ ხარ. ამიტომ ამ ნაწილში უსინდისობაა ადამიანს რაიმე აძახო. მათი დაჭერაც პოლიტიკური აქტი იყო, გამოშვებაც. არც დაჭერას ეკითხებიან პატიმარს და არც გამოსვლას. აქ წერტილი.
პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, ჩემთვის „ლელო“ დამთავრდა მაშინ, როცა 4 ოქტომბრის ფარსში გადაწყვიტეს მონაწილეობა და ეს არჩევანი მათ დაჭერამდე გააკეთეს. ეს უპატიებელი, ისტორიული და ამორალური შეცდომაა. ამ შეცდომის შედეგებს, სამწუხაროდ, ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი კიდევ მოვიმკით. სამწუხაროდ, არც იმის მჯერა, რომ უარს იტყვის „ლელო“ 4 ოქტომბრის ბელარუსიზაციის გაფორმებაში მონაწილეობაზე. ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ არ მჯერა. თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!“- წერს უგულავა.
