დარწმუნებული ვარ, აშშ-ის ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე აუცილებლად იქნებოდა საუბარი ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ზოგადად, ანტიდასავლური რიტორიკის შემცირებაზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, გიგი გიგიაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმი” განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი მაკა ბოჭორიშვილს იმისათვის შეხვდა, რომ კიდევ ერთხელ განემარტა, რა არის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება „ქართული ოცნებისადმი“ და რა არის აუცილებლად გასაკეთებელი იმისათვის, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.
„ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ორი ურთიერთგამომრიცხავი, სრულიად განსხვავებული განცხადებები, რომელიც გააკეთა ერთი მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ. საგარეო უწყების განცხადება იყო გაცილებით ვრცელი. სამინისტრო ცდილობდა, საზოგადოებაში განცდა გაეჩინა, რომ ამერიკის ელჩის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრით, თითქოს მოხდა რაღაცა ფორმით ამ დე ფაქტო ხელისუფლების ლეგალიზაცია, ან კარდინალურად შეიცვალა ამერიკის დამოკიდებულება ამ დე ფაქტო ხელისუფლებისადმი. აქ იყო განცდის დათესვის შთაბეჭდილება, თითქოს, ყველაფერი, რაც აქამდე ხდება, არის მეორეხარისხოვანი, თითქოს, დღის წესრიგში არ იმყოფება „MEGOBARI აქტი“, თითქოს, ამ დე ფაქტო ხელისუფლებას არანაირი სანქციები არ ემუქრება უახლოეს მომავალში ამერიკის ხელისუფლების მხრიდან. მიმაჩნია, რომ არა მარტო შინაარსობრივი დატვირთვა იყო სრულიად სხვადასხვა, არამედ შეხვედრის კონტექსტიც იყო განსხვავებული.
რასაკვირველია, [შეხვედრის სურათზე] ძალიან კარგად ჩანს ერთი მხრივ, დისტანცირებული, ძალიან მკაცრი დამოკიდებულება ამერიკის ელჩისა და მეორე მხრივ, გახარებული, ზებედნიერი გამომეტყველება მაკა ბოჭორიშვილის, რომელსაც უნდა, ისე წარმოაჩინოს, თითქოს, ამ შეხვედრამ რაღაცა ფორმის ლეგიტიმაცია მიანიჭა მას ან მის ხელისუფლებას, რაც სიმართლესთან კავშირში არ არის,“ – განაცხადა გიგიაძემ.
გარდა ამისა, გიგიაძემ ტრამპის ხელისუფლების პოლიტიკის კონტექსტში, რამდენიმე სააგენტოს დაფინანსების შეჩერების თაობაზე კითხვასაც უპასუხა, რა გადაწყვეტილებაც „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ დახურვას იწვევს და როგორც აღნიშნა, „მათი ახლა გაჩუმება ნამდვილად არ შეიძლება იყოს თავისუფალი სამყაროს ინტერესში“.
გიგიაძის თქმით, ამ უმნიშვნელოვანესი რადიოსაშუალებების ჩახშობა, რეალურად, ყველაზე მეტად სწორედ ტოტალიტარულ რეჟიმებს ასიამოვნებს და მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. ის იმედს იტოვებს, რომ „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ მაუწყებლობის შენარჩუნება სხვა გზებით მოხდება.
„მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად უსიამოვნო განვითარებაა, ვინაიდან „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ იყო დემოკრატიის, თავისუფალი ხმის ერთადერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომლის ახლა გაჩუმება ნამდვილად არ შეიძლება იყოს თავისუფალი სამყაროს ინტერესში, თუმცა, მოდით, ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს. ჩვენ ახლახან ასევე, გავიგეთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ევროპულმა ქვეყნებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ დაფინანსდეს „რადიო თავისუფლება“ ევროკავშირის მიერ. მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, იცვლება ბევრ საკითხთან დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ სამწუხაროა ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მედიასაშუალების მაუწყებლობის შეჩერება, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გამოსავლის მოძებნა და დამოუკიდებელი ხმის შენარჩუნება მსოფლიოში,“ – აღნიშნა გიგიაძემ.
ამასთან, მან რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაინტერესებული არ არის და პუტინის მისი მიზანი უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაუქმებაა.
„რუსეთი და პუტინი არანაირი ფორმით არ არიან დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ჩემი აზრით, მათ არ აქვთ განზრახული, რომ რაღაცა ფორმით წავიდნენ დათმობებზე. მათ არ აქვთ რეალურად სურვილი, რომ დროებითი დაზავების განცდა შექმნან. ეს ძალიან კარგად ასახავს, რეალურად, როგორი მცდარია ის დამოკიდებულება, თითქოს, რუსეთი მონდომებულია მშვიდობის მიღწევით და რუსეთთან შესაძლებელია რაიმე რეჟიმში საუბარი. ჩემი აზრით, ეს თავიდანვე იყო არასწორი დამოკიდებულება, რომ რუსეთის ჩართვა შეიძლება რაღაც ფორმით ამ პროცესში და რუსეთი იქნება კონსტრუქციული მხარე. პუტინს უნდა, რასაკვირველია, რაც მან თავიდანვე თქვა, მთელი უკრაინის დაპყრობა და უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაუქმება. რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ პერიოდს გამოიყენებს გადაიარაღებისთვის, ახალი შეიარაღების მომზადებისთვის და ა.შ. არავის უნდა ეგონოს, რომ რაღაც ფორმით მოხდება რუსეთის რეალურად სამშვიდობო პროცესში ჩართვა,“ – განაცხადა გიგიაძემ.
