“3 წელი გავიდა მსოფლიოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღიდან.
2022 წლის 24 თებერვალს ვინმეს რომ ეთქვა, სრულმასშტაბიანი ინტერვენციიდან 2 თვეში რუსეთი უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში დიდ ტერიტორიებს დაიკავებს, მაგრამ მომავალი თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნახევარს დაიბრუნებსო, ალბათ დავცინებდით.
მაშინ ეს წარმოუდგენლად ჩანდა.
ტერიტორიით რუსეთზე 30-ჯერ პატარა ქვეყანა, მასზე 10-ჯერ პატარა ეკონომიკით, ჯერ კიდევ გაყოფილი იდენტობითა და შეიარაღებულ ძალებში არსებული უდიდესი უთანასწორობით, თითქოს უშანსოდ იყო.
თუმცა, ამ უთანასწორობის მიუხედავად, უკრაინამ მაინც შეძლო გადარჩენა და ეს უკრაინელებმა მხოლოდ სამშობლოს უპირობო სიყვარულითა და მის დასაცავად თავგანწირვისთვის მუდმივი მზადყოფნით მოახერხეს.
უკრაინელებს ეს თვისებები რომ არ ჰქონოდათ, ახლა რუკაზე უკრაინის მაგივრად რუსეთი იქნებოდა.
სამაგალითოა უკრაინელების უპირობო სიყვარული სამშობლოს მიმართ.
მისაბაძია მათი თავგანწირული ბრძოლა თავისუფლებისთვის.
საარაკოა არამხოლოდ უკრაინელი ჯარისკაცების, არამედ რიგითი მოქალაქეების გმირობაც.
“სულსა და სხეულებს დავდებთ თავისუფლებისთვის და ძმებო, ყველას ვაჩვენებთ, რომ კაზაკების ქვეყანა ვართ” – ჰიმნში ჩაწერილი ეს პწკარი ალბათ საუკეთესოდ გამოხატავს უკრაინელი ხალხის სულისა და ნების სიძლიერეს.
ასეთ თავისუფლებისმოყვარე, უდრეკი ნებისყოფისა და რკინის ნების მქონე ხალხს სამყაროში ვერავინ და ვერაფერი დაამარცხებს.
ჯოხარ დუდაევს აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის მზე მაშინ ამოვა, როდესაც რუსეთის მზე დაიწყებს ჩასვენებას.
მჯერა, რომ რუსეთის მზის ჩასვენებისა და უკრაინის მზის ამოსვლის შეუქცევადი პროცესი 3 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს დაიწყო და მალე საბოლოოდაც გაფორმდება.
უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით გახდება ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო (თუ უკვე არაა), უზარმაზარი ეკონომიკითა და უდიდესი პოტენციალით.
უკრაინელ ხალხს ისტორიამ უმნიშვნელოვანესი მისია დააკისრა – სამყაროში ყველაზე დიდი ბოროტების დამარცხება.
ეს ბოროტება უკრაინელებმა ჯერ საკუთარ ცნობიერებაში დაამარცხეს. ის, რასაც უკრაინელებმა გაუძლეს და დღემდე უძლებენ, სხვა არაფერია, თუ არა სულის ტრიუმფი.
შეუძლებელია დაამარცხო ხალხი, რომელიც სამშობლოსთვის სიკვდილს უდიდეს პატივად მიიჩნევს.
შეუძლებელია დაამარცხო ხალხი, რომელიც ფიზიკურ განადგურებას, შიმშილს, სიცივეს, ტყვეობას, წამებას, არაადამიურ პირობებს უდრტვინველად იტანს, ისე რომ ერთი საყვედურიც არ დასცდება.
ეს არის ვაჟკაცობა! ეს არის ღირსება – თვისებები, რომლის მნიშვნელობას ვერასდროს გაიგებენ პუტინი და მისი მყვარებლები.
მჯერა, რომ უკრაინელთა სულის ტრიუმფი მალე ფიზიკურ გამარჯვებაშიც გადაითარგმნება.
შეუძლებელია სხვანაირად მოხდეს.
ჟანრის კანონია – შეუძლებელია კეთილს ბოროტმა სძლიოს.
ყველაფერი კარგად იქნება, ისე როგორც ქართველებს, უკრაინელებსა და ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხს გვინდა.
დიდება საქართველოს! 

დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 



უკრაინა გაიმარჯვებს!” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე.