“რატომ ვერ დალაგდება ოცნება ტრამპთან?
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ოცნების ეს მესიჯი გათვლილი იყო საკუთარ ამომრჩეველზე, რომ აი ცოტა ხანიც გავუძლოთ და 20 იანვრის შემდეგ ტრამპთან დავლაგდებით.
მოვიდა 20 იანვარიც და ძალიან ცოტა დარჩა ამ ნარატივის საბოლოოდ გაქარწყლებამდე. იმ ნაბიჯებით, რაც ოცნებამ განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადადგა, ტრამპთან კი არა, მამაზეციერი რომ ჩამოვიდეს, იმასთანაც ვერ დალაგდებიან. როგორც მინიმუმ ამას 2 მთავარი მიზეზი განაპირობებს:
1. პირველი მიზეზი ჩვენ რეგიონში ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებია.
ადმინისტრაციები იცვლება, ამერიკის გლობალური ინტერესები უცვლელი რჩება.
რა არის ჩვენ რეგიონში აშშ-ის მთავარი ინტერესი? რა თქმა უნდა, შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიაში მისი გავლენების ზრდა, მისი გავლენის ზრდის უკუპროპორციულად კი ამავე რეგიონში იმ აქტორების გავლენის შეზღუდვა, რომელთაც ამერიკა რეგიონში მთავარ კონკურენტებად აღიქვამს.
მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ამერიკის ინტერესების მთავარი მტერი ჩვენ რეგიონში ორი სახელმწიფოა: რუსეთის ფედერაცია და ირანის ისლამური რესპუბლიკა. გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ემატება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც, რომელიც რეგიონში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს.
გლობალურ სურათს რომ შევხედოთ, უკრაინის ომმა არამხოლოდ ჩვენთვის გახსნა შესაძლებლობის ფანჯარა, არამედ ამერიკის და მთელი დასავლეთის ინტერესი შესამჩნევად გაზარდა შავი ზღვის რეგიონის მისამართით.
უკრაინაში რუსეთი უკიდურესად დასუსტდა.
მისი გავლენა შესუსტდა შავ ზღვაზე.
რუსეთმა დაკარგა ყარაბაღის ბერკეტი.
რუსეთმა დაკარგა სირია.
ასეთი დასუსტებული რუსეთის პირობებში რეგიონში ჩნდება ძალაუფლების ვაკუუმი, რომელსაც ამერიკა სიამოვნებით შეავსებს.
ჩვენი რეგიონის მიმართ ინტერესზე მეტყველებს სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის მიერ სომხეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და სომხეთის სურვილი, დაიწყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
შესაბამისად, ამერიკის ინტერესების მუდმივობა ჩვენ რეგიონში განაპირობებს იმას, რომ ოცნება ვერ დალაგდება ტრამპთან.
გამორიცხულია ტრამპი დალაგდეს იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან, რომელმაც მიზანმიმართულად აირჩია რუსეთ-ჩინეთ-ირანის ავტორიტარული ღერძი.
როგორ დალაგდება ტრამპი ოცნებასთან, როდესაც ოცნება ხელს უწყობს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში?
როგორ დალაგდება ოცნება ტრამპთან, როდესაც ოცნებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი აშშ-ის მთავარ მოწინააღმდეგეს – ჩინეთს ჩააბარა?
როგორ დალაგდება ტრამპი ოცნებასთან, როცა ოცნების “ლიდერი” ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე და ახლის ინაუგურაციაზე თეირანში იყო ჩასული, სადაც მთავარი შეძახილები: სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს იყო?
2. მეორე მიზეზი, რის გამოც ტრამპი არ და ვერ დალაგდება ოცნებასთან ისაა, რომ ამ უკანასკნელმა გადაკვეთა ყველანაირი წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობაში.
ეს წითელი ხაზი რუსული კანონის მიღება იყო, ამას შემდეგ დაემატა არჩევნების გაყალბება და ოცნების მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება 2028 წლამდე.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ამერიკა კიდევ ცდილობდა დაეტოვებინა სავაჭრო სივრცე ოცნებასთან, მაგრამ არჩევნების გაყალბებისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებამ ოცნებას სავაჭრო აღარ დაუტოვა.
ახლა ოცნება ასე მარტივად ვეღარ გამოძვრება, პოტენციურად მოლაპარაკებების მაგიდაზე ვეღარ დაიდება ისეთი შეთანხმება, რომელშიც კრიზისის გადაჭრის მთავარ გზად ახალი არჩევნების დანიშვნა არ იქნება. ამიტომ აწი ოცნებას მხოლოდ დათმობებზე წასვლა მოუწევს, თუ საკუთარი თავის გადარჩენა სურს.
ივანიშვილის დასანქცირება ამერიკის მხრიდან იყო მთავარი მესიჯი, რომ ის და მისი გუნდი საერთაშორისო კეთროვნები არიან. კეთროვნებთან, როგორც წესი, როგორც წესი ამერიკის არცერთი ადმინისტრაცია ლაგდება.
არ მახსენდება ისტორიაში პრეცედენტი, აშშ-ის მიმავალ ადმინისტრაციას რომელიმე მთავრობისთვის დაედო სახაზინო სანქციები და შემდეგ ახალ მთავრობას ეს სანქციები მოეხსნა.
არჩევნებიდან ორთვენახევარი გავიდა და ცივილიზებული მსოფლიოდან არჩევნების ლეგიტიმურობა არცერთ სახელმწიფოს უღიარებია.
ნახეთ, ვინ ესწრება ტრამპის ინაუგურაციას – პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ზოგიერთი ოპოზიციონერი (უკიდურესად შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების პირობებში), ხოლო ოცნების დე-ფაქტო მთავრობის არცერთი წევრი არაა დაპატიჟებული ინაუგურაციაზე.
პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიწვევაც Foxnews-ზე ბევრ რამეზე მეტყველებს.
ეს ფაქტები მრავლისმთქმელია. ამიტომ, თუ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა მთლიანად არ ამოყირავდა, გამორიცხულია ქოცები ტრამპთან დალაგნენ,” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე.