შალვა პაპუაშვილის საუბარი „ღალატსა“ და „შხამიან თესლზე“ ღიმილის მომგვრელია გუნდისგან, რომელმაც თავად უღალატა სახელმწიფო ინტერესებს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრი, გიგა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარტიაზე „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას: „პარტიას, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, მომავალი არ აქვს, რადგან შხამიანი თესლიდან მწარე ნაყოფი გამოდის“.
გიგა ფარულავა აცხადებს, რომ „შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა.
„თქვენ საუბრობთ ღალატზე, მაშინ, როდესაც ზუსტად ერთი წლის წინ თქვენ იყავით ის ძალა, რომელმაც შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მანამდე კი მოქალაქეებს მოპარეთ არჩევნები, წაართვით თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, დღემდე ძალადობთ ყველაზე — აშანტაჟებთ საჯარო მოხელეებს, სოციალურად დაუცველებს და დევნით ნებისმიერ ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია. თქვენი შიშის დასტურია ისიც, რომ საკუთარი ქვეყნიდან წასულ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი შეუზღუდეთ.
საუბრობთ „მწარე ნაყოფზე“, მაშინ როცა თავად ხართ ჩაფლული კორუფციაში და იპარავთ ბიუჯეტის ფულს. მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, კორუფციული გარიგებების გამო, ჩავარდნილია მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები. ეს ციფრები არ არის მხოლოდ სტატისტიკა — ეს არის აუშენებელი სკოლები და ბაღები, რაც ნიშნავს, რომ თქვენ იპარავთ მომავალი თაობის განათლებას და განვითარების შანსს.
დღეს საქართველოში აღარ დატოვეთ დამოუკიდებელი და სამართლიანი ინსტიტუტი. ყველა სახელმწიფო უწყება იმართება მხოლოდ ერთი პარტიის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით.
„შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც თქვენ შექმენით და რომელსაც ქართველი ხალხი აუცილებლად დაასრულებს“, – წერს გიგა ფარულავა.




