ივანიშვილი დაგვარქმევს თუ არა პარტიას, მე შემიზღუდავს თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას, საერთოდ ფეხებზე მკიდია, არ მაინტერესებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა არ არის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ბილეთი, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ იმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლითაც „ქართული ოცნება“ კონკრეტული პარტიების აკრძალვას გეგმავს.
მისივე თქმით, თუ რაიმე შედეგი ექნება პარტიების აკრძალვას, ეს იქნება საზოგადოებაში ნდობის გაზრდა იმ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკრძალავს.
„ქართულ ოცნებას“ არაფერი დაუწყია, ეს არის რუსული სახელმძღვანელოდან კიდევ ერთი ახალი თავი, რომელიც გასავლელი გვაქვს ჩვენ, როგორც პროდასავლურ პოლიტიკურ კლასს და ამ ქვეყნის საზოგადოებას. ამას, ბუნებრივია, ჩვენ ველოდით. არავითარი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“, საერთოდ არ მაინტერესებს. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა, ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის არ არის იუსტიციის სახლში გაფორმებული დოკუმენტი ან ნებისმიერი სხვა ვითომ სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ გაცემული ცნობა რეგისტრაციის შესახებ, ეს ბრძოლა არის გაცილებით უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი ბრძოლა. მათ შეუძლიათ გააკეთონ რაც უნდათ, ითამაშონ თავისთვის ეს ფურცლობანა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. თუ რაიმე შედეგი ექნება ჩვენს აკრძალვას, ეს იქნება საზოგადოებაში ნდობის გაზრდა იმ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკრძალავს. იმიტომ, რომ ხალხი დაინახავს, რომ ეს პოლიტიკური სპექტრი არის მნიშვნელოვანი დაბრკოლება „ქართული ოცნებისთვის“.
ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ მათთვის მიუღებელი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, პოლიტიკური ჯგუფები ვითომ აკრძალოს, მოაშოროს ფორმალურად პოლიტიკურ ველს, მერე შექმნას რამდენიმე ახალი ვითომ პოლიტიკური პარტია, შემდეგ რეჟიმთან უკვე მოთანამშრომლე პოლიტიკური პარტიებითა და ახალი თავის მიერვე შექმნილი პოლიტიკური პარტიების მეშვეობით ჩაატაროს ახალი საარჩევნო სპექტაკლი და ამ გზით „გაილეგიტიმურონ“ თავი. მათი იდეაა, რომ ძალადობრივად გაგვიყვანონ პოლიტიკური ველიდან ის ადამიანები, ის პოლიტიკური ჯგუფები, კოალიციები, პარტიები, რომლებსაც ისინი რეალურ მეტოქეებად აღიქვამენ, ამ ველზე დატოვონ მარტო ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თვითონ მოსწონთ და მიაჩნიათ, რომ სისტემურ ოპოზიციად კარგად გამოადგებათ. ამის პარალელურად, შექმნან რამდენიმე ახალი პოლიტიკური ჯგუფი, რომლის შესაღებასაც შეეცდებიან უცხოელებისთვის. როგორც გითხარით, ივანიშვილის გეგმაა, რომ შექმნას რამდენიმე ახალი პოლიტიკური ჯგუფი, ამ ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს დაუმატოს რეჟიმთან უკვე მოთანამშრომლე პოლიტიკური პარტიები და მერე შესაძლოა ჩაატაროს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც, რა თქმა უნდა, დაიწერს იმ შედეგს, რა შედეგიც უნდა. ჩვენი ამ ველიდან გაყვანის ფონზე იმედი აქვს, რომ ამას შეასაღებს ლეგიტიმაციის სპექტაკლად, როგორც საზოგადოებას ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას.
ჩვენ მხარეს არიან ადამიანები, რომლებისთვისაც პოლიტიკა კარიერა არ არის. ამ ვითარებაში, გერქვას პროდასავლელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ნიშნავს, დილით სახლიდან რომ გამოდიხარ, სახლში საღამოს დაბრუნდები თუ არა არ იცი. დიდწილად ნიშნავს ციხეში აღმოჩენას, ფინანსურ შეზღუდვებს, უამრავ პრობლემას, რომელსაც გიქმნიან. აქეთ მხარეს არავისთვის ეს პროცესი არ არის კარიერული პროცესი. ეს არის ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ ბრძოლა და ბრძოლა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის, სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის. ივანიშვილი დაგვარქმევს თუ არა პარტიას, მე შემიზღუდავს თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას, საერთოდ ფეხებზე მკიდია, არ მაინტერესებს ეს ამბავი. ეს არ არის განმსაზღვრელი. იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა არ არის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ბილეთი. საერთოდ მეათასე ხარისხოვანია ეს ყველაფერი. პოლიტიკა დგას ხალხზე და ხალხის მხარდაჭერაზე. თუ ხალხი გიჭერს მხარს, შეუძლებელია, რომ ნებისმიერი ფორმალური გადაწყვეტილებით შეგიზღუდონ ხალხთან ურთიერთობა, პოლიტიკური საქმიანობა. ეს არის გამორიცხული. ბუნებრივია, ჩვენ არათუ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, ივანიშვილის ეს ნაბიჯი დაგვეხმარება. საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ პოლიტიკური სპექტრი კი არ მომკვდარა და სახლში კი არ წასულა, აქ არის ხალხი, ახლაც, ამ მომენტშიც.
ჩვენი კოალიციის ოთხი ლიდერიდან ოთხი ზის ციხეში. ზის არა იმიტომ, რომ ციხეში ჩაჯდომა ვინმეს უხარია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, ამ რეჟიმთან არ თანამშრომლობა, ამ რეჟიმის არ აღიარება არის გამარჯვების ერთადერთი სწორი გზა. გარდა ლიდერებისა, წევრები სხედან ციხეში. არაფერი ჩვენთვის ამით არ იცვლება. პირიქით, ეს არის ჩვენთვის მეტი მოტივაცია და იმ ბრძოლის დაფასება, რომელშიც ვართ. თუ აკრძალავენ, ნიშნავს, რომ შენი ბრძოლით ხელს უშლი ამ ე.წ. ხელისუფლებას, ამიტომ, პირიქით, ეს იქნება დიდი პატივი და უფრო დიდი მოტივაცია, ამ რუსების წინააღმდეგ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა მეტი ენთუზიაზმითა და მეტი ორგანიზებულობით. ასევე, თუ პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ, ამით ვერავის მოატყუებენ პარიზში, ლონდონში, ბერლინში, ვაშინგტონში. ყველას ეცოდინება რა ტიპის გადაწყვეტილებაა ეს“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ამასთან, მისივე თქმით, საერთაშორისო სანქციების მიმართ ბიძინა ივანიშვილი არის მოწყვლადი.
„ივანიშვილს ეშინია სანქციების. თუ პარტიებს აკრძალავს, ამ დიქტატორულ ნაბიჯზე წავა, ბუნებრივია, ეს სანქციები ბევრად უფრო მძიმე გახდება. ახლა 26 ოქტომბერს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ვაჩვენოთ, ზუსტად ამ მომენტში, როცა ივანიშვილს ჰგონია, რომ დრაკონული კანონებით, პარტიების აკრძალვით, 4 ოქტომბრის პროვოკაციით, გატეხს პროტესტს, შეაშინებს ვინმეს, ეს არ მოხდება. იმიტომ, რომ ივანიშვილი არაფერზე აღარ დგას. მას არ აინტერესებს თქვენ, მე, ამ ადამიანებს მოსწონთ თუ არა, მხარს ვუჭერთ თუ არა, ეს არ აინტერესებს. ერთადერთი, რაზეც ივანიშვილი დგას, არის შიში. აშინებს საკუთარ გუნდსაც და იმიტომ იჭერს თავისიანებს, რომ სხვები შეაშინოს და ცდილობს, რომ შეაშინოს ჩვენი მხარე, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ამიტომ 26 ოქტომბერს ყველამ ერთად, ხმამაღლა უნდა განვაცხადოთ, რომ თუ ვინმეს ეშინია ამ ქვეყანაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.




