თავის დროზე ამათ თავში ტვინი რომ ჰქონოდათ, 26 ოქტომბერს რუსული სპეცოპერაცია კი არ უნდა ჩაეტარებინათ, ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა გადაებარებინათ – საბოლოო ჯამში, პროტესტის შედეგი იქნება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას დათმობს და მშვიდობიანად გადააბარებს! ივანიშვილი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ არ დავნებდებით და საწვავი ბოლომდე გვეყოფა! – აღნიშნული განცხადება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ გააკეთა.
ლემონჯავას შეფასებით, „საქართველოში დამყარებულია რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიმავალი ავტორიტარიზმი, რა ტიპის რეჟიმებშიც საარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი გაუქმებულია და არჩევნები, როგორც ხელისუფლების შეცვლის მეთოდი, დასრულებულია“.
ლემონჯავა დარწმუნებულია, რომ „პროცესების ქუჩის პროტესტის გზით გადაწყდება“.
ლემონჯავამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების მიზეზს „აბსურდული“ უწოდა და აღნიშნა, რომ „არ არსებობს ნორმალური ქვეყანა, სადაც ადამიანს ბანერზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო დააკავებდნენ“.
„“ჩვენთვის ლიდერების დაკავება ახალი არ არის. აქამდე ოთხიდან სამი ლიდერი ციხეში იყო. სამწუხაროდ, ახლა მეოთხეც ციხეშია, თუმცა არც ერთ ეტაპზე კოალიციის ქმედითუნარიანობისთვის საფრთხე არ შეუქმნია. თვეებია უკვე სამი ლიდერის გარეშე ვართ და ვიცით, რა რეჟიმში გვიწევს საქმიანობა. ეს არ არის კლასიკური პოლიტიკური საქმიანობა ევროპული გაგებით. ეს არის რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიმავალი ავტორიტარიზმი, სადაც გააზრებული უნდა გქონდეს, რომ თუ თავისუფლებისთვის ბრძოლაში ხარ, შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ციხეში არამხოლოდ ლიდერებს, არამედ სხვა წევრებსაც გაუშვებენ. ამ ტიპის რეჟიმებში ამას ვერავინ გამორიცხავს. ჩვენთვის ეს არც მოულოდნელი და არც შოკის მომგვრელია.
ზოგადად, ქართული საზოგადოება არის საზოგადოება, რომელიც ნებისმიერი ტიპის ჩაგვრაზე, აგრესიაზე რეაგირებს არა შიშით, არამედ მეტი სოლიდარობით, მეტი ერთობით და მეტი გამბედაობით. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამ საზოგადოების ნაწილია და ელენე ხოშტარიას უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მორიგ თავხედობას შესაბამისი რეაქციით უპასუხებს. ოთხი ლიდერიდან ოთხივე ციხეშია, რაც კოალიციას მარტივ ვითარებაში არ აყენებს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და მზად ვართ გაცილებით მძიმე განვითარებისთვის, რადგან ვიცით, რა დევს სასწორზე.
ვიცით, როგორ მოქმედებენ დიქტატორული რეჟიმები ჩვენს სამეზობლოში და რაზე არიან ისინი წამსვლელი. გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაში ვართ. პოლიტიკაში ყოფნა ჩვენი ჰობი არ არის – ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის. დააკავებენ ერთს – პროტესტის დროშას ხელში აიღებს მეორე, დააკავებენ მეორეს – ამ დროშას ხელში აიღებს მესამე და ასე იქნება, ვიდრე ეს რუსული რეჟიმი არ დასრულდება.
„ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის არა პარტიული ბრძოლა, არამედ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საერთო სახალხო წინააღმდეგობა. რაც უნდა, ის მოიფიქრონ – ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე! ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ არ დავნებდებით და საწვავი ბოლომდე გვეყოფა!“ – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ამასთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ლემონჯავამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით ძალიან ბევრი პრობლემაა და „პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ერთმანეთს ხოცავენ და აპატიმრებენ“.
მისი თქმით, „დაიჭირეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და დასაჭერად გამზადებულია ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი და რატი ბრეგაძე“.
„ქართული ოცნების“ რიგები ბუკვალურად ნახევრდება. ეს არის ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის დასასრული – კლასიკა თუ როგორ მთავრდება ავტორიტარული რეჟიმები.
ძირითადად, ეს გამოწვეულია შიდა დაპირისპირებების გამო. ის, რომ ქართველი ხალხი არ დანებდა და ის, რომ ამ რეჟიმს საერთაშორისო პარტნიორებმა ლეგიტიმაცია არ მიანიჭეს, განაპირობებს დაპირისპირებებს თავად ამ რეჟიმის შიგნით. ისინი შიგნით ეძებენ დამნაშავეებს. გახსოვთ ირაკლი კობახიძის დაპირებები: – „პროტესტი ახალ წელს დასრულება“, „20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციის დღეს დასრულება“, „აღდგომას დასრულდება“, „ზაფხულში დასასვენებლად წავლენ და უკან აღარ დაბრუნდებიან“… 13 სექტემბერს, უწყვეტი პროტესტის 290-ე დღეს თბილისის ქუჩებში 22 ათასი ადამიანი გამოვიდა. „ქართული ოცნების“ იმედები, რომ პროტესტი გაილეოდა და ვინმე სახლში წავიდოდა, ფუჭი აღმოჩნდა, რაც მათთვის ფსიქოლოგიურად მძიმეა. ვაჩვენეთ, რომ რამდენი დღეც არ უნდა გავიდეს, ხალხი მზად არის ფართომასშტაბიანი პროტესტისთვის. ეს ყველაფერი რეჟიმს ურთულეს ვითარებაში აყენებს – არ გავტყდებით ჩვენ – გატყდება რეჟიმი! არ დავნებდებით ჩვენ – დანებდება რეჟიმი“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს – 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას, ლემონჯავას თქმით, „მნიშვნელოვანია ქუჩაში ბევრი ადამიანის გამოსვლა და შეტევაზე ყოფნა, მაგრამ ფსონი ერთ კონკრეტულ თარიღზე დადებული არ არის“.
„რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ იმდენ ხანი ვიბრძოლებთ, რამდენიც საჭირო იქნება. კრემლსა და ივანიშვილის შუშის სასახლეში არავის ჰქონდეს ილუზია იმისა, რომ ეს ბრძოლა შეჩერდება!
ჩვენ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები არა ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ იქნება ყველგან წინა ხაზზე, სადაც არის გულწრფელი სახალხო პროტესტი რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლემონჯავამ.
