გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი იმის გამო, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და საერთოდ გასული მომსახურების ზონიდან, – ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა, მათი კოალიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, რუსთავის ციხიდან დათქმულ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოშვებას.
ლემონჯავას შეფასებით, ჯაფარიძე ადრე იმიტომ გამოუშვეს, რომ არ არსებულიყო კადრები, როგორ ხვდებიან მას მისი ახლობლები ციხესთან.
„ზურა ჯაფარიძე მოემართება საკუთარი სახლისკენ. სავარაუდოდ, გააკეთებს განცხადებას ადგილზე. ჩვენ მისი მეგობრები და თანამებრძოლები, ველოდებით მის საცხოვრებელ სახლთან. ადრე გამოუშვეს სპეციალურად, რომ კადრები არ არსებულიყო, როგორ ხვდება ხალხი მას, როგორ ხვდებიან მისი მეგობრები, როგორ ტოვებს საპყრობილეს. ეს არის, ერთ მხრივ, ცინიკური ხელისუფლების მხრიდან, მეორე მხრივ, აჩვენებს, როგორ ეშინია ხელისუფლებას ნებისმიერი აქტივობის, რომელიც დაკავშირებულია თავისუფლებასთან, ჩვენს გამარჯვებასთან, ბრძოლის გაგრძელებასთან. აბსოლუტურად აუხსნელია ის, რაც გააკეთეს. ასეთი შემთხვევა საერთოდ არ მახსენდება, ასე ადრე, დილით, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი იმის გამო, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და საერთოდ გასული მომსახურების ზონიდან, მაგრამ არაუშავს, ეს შეხვედრა შედგება მის საცხოვრებელ სახლთან“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.