გიგა ზედანია: კალატოზიშვილის დიდი ფილმებიდან მხოლოდ “ჯიმ შვანთეა” ნამდვილად ქართული, ხოლო ფარაჯანოვი ქართველი არაა, თბილისელია. იოსელიანმა კი მოახერხა …

“იოსელიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი რეჟისორი. კალატოზიშვილის დიდი ფილმებიდან მხოლოდ “ჯიმ შვანთეა” ნამდვილად ქართული, ხოლო ფარაჯანოვი ქართველი არაა, თბილისელია. იოსელიანმა კი მოახერხა ევროპაში ინდივიდუალური ინტეგრაცია ისე, რომ მხოლოდ მისთვის უნიკალური მხატვრული ფორმა კი არ წაიღო თან, არამედ საერთო-ქართული შინაარსიც.
რა იყო ეს ქართული შინაარსი? ალტერნატიული მორალურ-ესთეტიკური წესრიგის ძიება კომიუნიტიში, კომუნიტასში, ერთობაში, რომელიც უფრო მცირეა, ვიდრე მთელი საზოგადოება. თუ ფარაჯანოვისთვის მარტოსული ხელოვანის ფიგურაა პარადიგმატული, იოსელიანისთვის გაზიარებისა და მეგობრობის ფენომენია მნიშვნელოვანია. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი “აპრილიდან” მოყოლებული, როცა გარბის გოგო-ბიჭის წყვილი (ახალგაზრდული რომანტიზმი მალევე გადაილახება), “შანტრაპამდე”, როცა კომუნიტასს სკოლის სამი მეგობარი წარმოადგენს, ეს არის ქართული უტოპია: ალტერნატიული მორალურ-ესთეტიკური წესრიგი მცირე ჯგუფში, რომელიც უპირისპირდება მთელ საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივსა და ესთეტიკურ დაცემას. “გიორგობისთვეც” მთავარ გმირს ფინალში ფეხბურთის თამაშისას გვაჩვენებს – სოციალური სპორტი პარ ექსელანს, რეჟისორი უარს ამბობს მის იზოლაციაზე.
იოსელიანი ანტიმოდერნული იყო (მაგალითად, რომერის მსგავსად). მისი ბოლო ფილმი “ზამთრის სიმღერა” იხსნება არისტოკრატისათვის გილიოტინაზე თავის მოკვეთით და გრძელდება ბეთჰოვენის, შილერის, რობესპიერისა და მარატის დაცინვით. უკვე ნახსენებ “აპრილში” (1962) იოსელიანი ჰიჩკოკის “ფანჯარა ეზოს მხარეს” (1954) აციტირებს – პერსონაჟების წინ მდგარი სახლის ქვედა მარცხენა ფანჯარაში ახალგაზრდა ქალი ცეკვავს, მაგრამ ფინალი განსხვავებულია. თუ ჰიჩკოკთან ფილმი სრულდება მთავარი გმირის ურბანული გაუცხოების გადალახვით, თუმცაღა კონფლიქტის იუმორისტული დატოვების ელემენტით, იოსელიანთან ფინალი გაქცევაა – ამჯერად სოფლად, თუმცა შემდეგში სხვა გასაქცევი ადგილებიც იქნება. იოსელიანი არ არის შემგუებლობის და რეალური კონფლიქტების წარმოსახვითი გადაჭრის რეჟისორი. ამიტომაც იყო ჰიჩკოკი მასობრივად პოპულარული, ხოლო იოსელიანის ფილმები – განსაკუთრებით კი თორმეტი სრულმეტრაჟიანიდან ბოლო ცხრა, საფრანგეთში გადაღებული – საქართველოში ალბათ სულ რამდენიმე ასეულ მაყურებელს თუ ექნება ნანახი. ერთადერთ ნამდვილ ‘ხალხურ’ ფილმად მაინც “გიორგობისთვე” რჩება.
ვიცი, რომ ზოგიერთს აღიზიანებდა იოსელიანის არისტოკრატიული ეთოსი. გაუგებარი იყო, როგორ უნდა გამოეყენებინათ ის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში. კი ბატონო, “ზამთრის სიმღერაში” რუსულ ‘წილნიაშკებში’ გამოწყობილი ჯარისკაცები ისევე სამარცხვინოდ ძარცვავენ, აუპატიურებენ და კლავენ, როგორც საქართველოსა და ში ეს რეალურად გააკეთეს. მაგრამ ამ სატირის უკან დემოკრატიული იდეალები არ დგას. ერთადერთი ადგილი, სადაც მისი გამოყენება შეიძლება, ხელოვნებაა.
ხელოვნება და, შესაძლოა, ფილოსოფია. არცერთს არ მოეთხოვება, იყოს ცხოვრების ნაწილი. მეტიც, შეიძლება ისინი ანტი-ცხოვრების ადგილებიც კი გახდეს. ლიბერალური საზოგადოების მთავარი გამმართლებელი ინტელექტუალისთვის სწორედ ეს უნდა იყოს – აქ შესაძლებელია ხელოვნება, რომელიც ცხოვრებას ისე უპირისპირდება და დასცინის, რომ მისი გარდაქმნისათვის საჭირო ძალებს და რესურსებს ვერსად ხედავს.
საინტერესოა, რომ 60-იანელების ქართველმა რეჟისორებმა დაგვიტოვეს ყველაზე საინტერესო კინო და, ამავდროულად, ყველაზე კარგი სიმბოლოები შემოქმედებითი უნაყოფობისა. გამოუყენებელი ქვა “არაჩვეულებრივ გამოფენაში” და ნოტების ცარიელი ფურცელი “შაშვში” – ეს არის ეგზისტენიალური შიშის სიმბოლოები, რომლებიც უკვე ჩვენ დროს ახდა და დატოვა დიდი კულტურისგან დაცლილი უდაბნო.
სამაგიეროდ დღევანდელი ხელოვნება, თავის საუკეთესო გამოვლინებებში, გახდა სამოქალაქო. ის არ დარჩება მომავალს, მაგრამ, იმედია, დაგვეხმარება აწმყო ამოცანების გადაჭრაში. პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა უპირატესობა მოიპოვეს და სამას ადამიანზე მეტს ვერ აიძულებ, “შემოდგომის ბაღებს” უყუროს მაშინ, როდესაც რეალური ბაღები უნდა შვილების გასასეირნებლად ან კიდევ “შანტრაპას” ‘დააგლეჯინოს ნერვები’ (იმ ცნობილი კახური ანეკდოტისა არ იყოს კაფკაზე), მაშინ როცა შანტრაპითაა გადავსებული საზაგადოებრივი ცხოვრება.
დიდი ხელოვნება ცოტასთვისაა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ეს რაოდენობა გავზარდოთ, რამდენადაც შეგვიძლია. იოსელიანის პასუხი სოციალურ-პოლიტიკურ შეკითხვებზე კი სინამდვილეში არა მისი ფილმების ფინალია, არამედ თავად ამ ფილმების შექმნის ფაქტი. ეს პასუხი არა ალტერნატიული მორალურ-ესთეტიკური წესრიგში მდგომარეობს, არამედ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ასეთი ფილმების გადაღების შესაძლებლობა არსებობს. არ დაგვავიწყდეს – იოსელიანის ფილმები არ იყო უწყინარი. ისინი ამათრახებდნენ (ანგაჟირებული კრიტიკოსების საყვარელი სიტყვა) როგორც საბჭოთა (“გიორგობისთვე”), ისე ევროპულ (“მთვარის ფავორიტები”) ცხოვრებას. მაგრამ საბჭოთა საქართველომ იოსელიანი ვერ აიტანა, ხოლო ‘ბურჟუაზიულმა’ საფრანგეთმა – დააფასა მიუხედავად იმისა, რომ კომერციული კინო მას არასოდეს გადაუღია.
აქვე განსაკუთრებული აღნიშვნა მათ, ვინც მოსპო აჭარენეთისა და აიმუვის დეპოზიტორიუმები, სადაც დიდი ქართველი რეჟისორის მთელი კორპუსი იყო ხელმისაწვდომი. ამის შედეგად დღეს ქართველ მაყურებელს იოსელიანის ფილმების ნახვა მხოლოდ რუსულ საიტებზე და რუსულ ენაზე შეუძლია,” – წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,  Facebook-ზე.