გიგა დათიაშვილი: პოლიციელს ვკითხე, თქვენი იმედი უნდა მქონდეს-მეთქი? მიპასუხა, არაო

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განაჩენი გამოიტანა და სინდისის ბიჭები პატიმრობაში დატოვა, მობილიზებულ პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ადგილი შელაპარაკებას ჰქონდა.

მსახიობი გიგა დათიაშვილი “პირველებთან” აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოთქმულ პროტესტზე სამართალდამცველები იცინოდნენ და ხმაური სწორედ ამან გამოიწვია.

“პოლიციასთან მივედი და ვკითხე, უნდა მქონდეს თუ არა თქვენი იმედი-მეთქი, რაზეც მიპასუხა – თქვენ არ უნდა გქონდეთ ჩემი იმედიო” – ამბობს გიგა დათიაშვილი.

პოლიციასთან შელაპარაკებას რაც შეეხება, აღელვებული ხალხი, რომელიც გამოვიდა და თავის პროტესტს გამოხატავდა, რამდენიმე პოლიციელი იდგა და იცინოდა. რომ მივედი და ვკითხე, რა გაცინებთ-მეთქი, ამაზე უფრო იცინოდნენ. ეს იყო შელაპარაკების მიზეზი პოლიციასთან. ერთ-ერთ პოლიციელს, რომელსაც ვუხსნიდი, რომ თქვენ ჩემი პოლიცია ხართ და თქვენი იმედი უნდა მქონდეს, თუ არ უნდა მქონდეს-მეთქი, ამ პოლიციელმა მიპასუხა, თქვენ არ უნდა გქონდეთ ჩემი იმედიო. რომ ჩავეკითხე, ესე იგი, არ უნდა მქონდეს თქვენი იმედი-მეთქი, რა გინდა ბიჭო, წადი აქედანო”, – ამბობს გიგა დათიაშვილი. 

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.