როდესაც ნორმალური მთავრობა გვეყოლება და არა ეს პუტინისტური ოლიგარქის არარაობების ჯგრო, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ხალხი ჩვენი მოკავშირეები იყვნენ უსაფრთხოებისთვის და თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეუთავსებელია ხელისუფლების კურსი და საქართველოს ევროპული, თავისუფალი მომავალი.
„ეს ქვეყნები, მათი წარმომადგენლები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეები არიან ჩვენი თავისუფლებისთვის და უსაფრთხოებისთვის. როდესაც ნორმალური მთავრობა გვეყოლება და არა ეს პუტინისტური ოლიგარქის არარაობების ჯგრო, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ხალხი ჩვენი მოკავშირეები იყვნენ უსაფრთხოებისთვის და თავისუფლებისთვის.
რაც შეეხება მიმდინარე ამბებს, ჩვენზე უკეთ ისინი იტყვიან საკუთარ პოზიციას. მათ ნაცვლად არასდროს ვსაუბრობ. მე როგორც გავიგე, პაპუაშვილმა თქვა: „ყველაფერზე შევთანხმდითო“. იქ ვიყავი, როდესაც ეს ამბავი გაიგეს მათ და ძალიან აღსანიშნავი მომენტი იყო ასეთი რაიმეს გაგება მათი მხრიდან. დანარჩენს თავად იტყვიან, თუ უკვე არ თქვეს. კონკრეტიკა შემდეგია: სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობაა დღეს საქართველოს წარმომადგენელი. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ისინი გადადგამენ იმისთვის, რომ ეს ვითარება, რომელიც თვითონ შექმნეს, განიმუხტოს, ისინი მიესალმებიან, ოღონდ პრინციპული პოზიცია არ იცვლება, მარტო კანონი კი არა, მთლიანად ეს კურსი ძალადობით და საქართველოს ევროპული, თავისუფალი მომავალი შეუთავსებელია“,- აღნიშნა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი შეთანხმდნენ, რომ მმართველმა პარტიამ სწორი გააკეთა, როდესაც მათ ევროპელ კოლეგებს არ მოუსმინეს, რუსეთს სანქციები არ დაუწესეს და მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლეს.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ არსებული დაბნეულობის საპასუხოდ ვფიქრობ, აუცილებელია განვმარტო, რომ ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც ევროპული რჩევები და ღირებულებები უგულებელყო. ჩვენ უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოვხატეთ და არა „გარკვეული შეშფოთებები“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე.