ჩვენს მიმართ საფრთხე არსებობს ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ეს პოლიტიკური ამოცანა აქვს -საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირთან რეალური დაახლოება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა თუ არა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიციამ შეაფერხოს, გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამ მიმართულებით ეფექტიანად იმოქმედებდა.
„ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ნატო-ს საკითხს ევროკავშირისგან განაცალკევებენ. ჩვენ უნდა გავთვალოთ იმაზე, რაზეც გავლენა გვაქვს. გავლენა გვაქვს იმაზე, რომ დემოკრატიული ცვლილების შედეგად ისეთი მთავრობა უნდა მოვიყვანოთ, რომელსაც ეს პოლიტიკური ამოცანა ექნება. ამის შემდეგ შეგვიძლია სერიოზულად ვიმსჯელოთ, როგორი პოზიციონირება გვექნება საერთაშორისო ასპარეზზე. სანამ ივანიშვილის რეჟიმი წარმოგვადგენს, გათვლები იმაზე, რომ ორბანის ამ ნაბიჯს პასუხს გავცემთ, უბრალოდ, არასერიოზულია იმის გამო, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ მიმართულებით ეფექტიანად იმოქმედებდა“, -განაცხადა ბოკერიამ.