„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სწორია პრეზიდენტის მხრიდან მოთხოვნა, რომ საკონსულო წარმომადგენლობები ბევრ ადგილას გაიხსნას.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეძლოს.
„ჩვენი ამოცანა არის, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოვახერხოთ მოქალაქეების დახმარება, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება ჰქონდეთ. სწორი მოთხოვნაა, რომ საკონსულო წარმომადგენლობები ბევრგან გაიხსნას. მე ამაზე ამ ხელისუფლების პირობებში იმედებს არ დავამყარებდი იმიტომ, რომ ეს მათი ინტერესი არ არის. საზოგადოებამ და არა მარტო პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ვიპოვოთ ერთმანეთი, აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ამ ბარიერის მიუხედავად მაინც, სხვა ქალაქშიც რომ იყვნენ დაორგანიზდებიან და იპოვიან ერთმანეთს. მგონია, რომ ოპოზიციის ძალისხმევა პირველ რიგში, ამისკენ უნდა იყოს მიმართული. გათვლა იმაზე, რომ ეს ხელისუფლება დაემორჩილება საღ აზრს ან რაციონალურ არგუმენტებს, ან თუნდაც საერთაშორისო წნეხს, არ მაქვს“, – განაცხადა ბოკერიამ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ახლა ძალიან საზიანოდ ხდება იმაზე ფოკუსირება, არჩევნებზე რომელი პარტია ვისთან გაერთიანდება.
„თვეების განმავლობაში ძალიან საზიანოდ ხდება ფოკუსირება იმ საკითხზე, თუ ვისთან იპოვის საერთო ენას. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი საკითხი ტაქტიკურად სწორ მომენტში, მაგრამ იქამდე ყველა პოლიტიკური ძალისთვის და „ევროპული საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ მეტი აქტიური მოქალაქე. ჩვენ გვჭირდება იმ მოქალაქეების გაზრდა, ვინც იმ ცვლილებს და შინაარს უჭერს მხარს, რომელსაც ჩვენ. ამიტომ, ვმუშაობთ შინაარსზე“, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და ამისთვის მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს პარტნიორ ქვეყნებთან.
პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის შიში აქვთ არალეგალ ქართველებს, თუმცა, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამაზეც შეიძლება მოლაპარაკება პარტნიორებთან, რომ მათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ისე, რომ ადგილი პოლიციისგან საფრთხე არ იგრძნონ.