გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

ირაკლი კობახიძის განცხადება უზნეო, უტიფარი განცხადებაა. პირდაპირი პარალელია საბჭოთა ბოლშევიკების რიტორიკასა და ამათ შორის , – ასე აფასებს „ფედერალისტების“ ლიდერი, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 9 აპრილს გაკეთებულ განცხადებას, რომ „9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ – დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე“.
როგორც გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მსგავსი განცხადებებით ცდილობს, ტოლობის ნიშნის დასმას საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის.
„ეს ხალხი ამ ფორმით ჩვენს დემორალიზებას, დაბნევას, ორიენტირების აღრევას ცდილობს, სწორედ ეგ არის ჩვენი მტრის ამოცანა. ეს [ირაკლი კობახიძის] უზნეო, უტიფარი განცხადებაა. პირდაპირი პარალელია საბჭოთა ბოლშევიკების რიტორიკასა და ამათ შორის. მე ივანიშვილის რეჟიმს კომუნისტების რეჟიმს არ ვადარებ, მაგრამ პუტინის ს საქმეს ვინც აკეთებს, არიან ესენი – ვინც ასეთ უტიფრობას, ღირებულებებისა და ფასეულობების აღრევას გვთავაზობს და ცდილობს, რომ თავს მოახვიოს საზოგადოებას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „გვყავს ხელისუფლება, რომელიც თავისი ნაბიჯებით იმკის ამ ტიპის შედეგებს“.
გიგა ბოკერიას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ შემდგომი ნაბიჯი იყოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს დასანქცირება, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ დიდი ხანი არ მოხდეს.
„ჩვენზე არ არის დამოკიდებული, როდის მიიღებს თავისუფალი სამყაროს რომელიმე ქვეყანა ამა თუ იმ სანქციას. ეს არ არის დამოკიდებული არც ქართველ პოლიტიკოსებზე, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკური არარაობის გარემოცვამ გააკეთა არჩევანი, რითაც ზოგჯერ პირდაპირ და ზოგჯერ ირიბად მხარი დაუჭირა საქართველოს მტრებს – რუსეთს. ასეთ არჩევანს როცა აკეთებ, ბუნებრივია დგება შედეგები.
არ არის გამორიცხული რომ შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება ან ფართო მასშტაბით მისი გუნდის წევრები, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ეს კარგა ხანი არ მოხდეს, რადგან საგარეო ურთიერთობებში ბევრი ფაქტორი შემოდის ხოლმე დღის წესრიგში. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვწყვეტთ. არის შემთხვევები, როცა ავტორიტარები ძალიან დიდხანს არ სანქცირდებოდნენ. მაგრამ მე გადამწყვეტი მგონია ის, რაც ხდება საქართველოში. ყველა ნაბიჯი თავისუფალი სამყაროსი, მათი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებებია, ამ ეროვნულ ინტერესებში ზოგადად თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა შედის, მაგრამ არის პრაგმატული ინტერესებიც, რომელიც ზოგჯერ აჩქარებს პროცესს, ზოგჯერ ანელებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ფედერალისტების“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გადაცემაში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლება საგამოძიებო კომისიის შექმნით ცდილობს, რომ საზოგადოებას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღება წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე გადაატანინოს.
„საკითხებიდან, რაზეც ძალიან ფართო კონსენსუსია საზოგადოებაში, წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე უნდათ ფოკუსის გადატანა. შემდეგ უკვე უნდათ, რომ ამ თემაში ყველა ერთად მოგვხარშონ. უფრო მეტი დაცინვა რა უნდა იყოს თვითონ ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე უფრო გულმხურვალე მომხრეების თუ წინა ხელისუფლების მოძულეების, რომ ამდენი წლის განმავლობაში კამპანია ჰქონდათ, „ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმს“ იძახდნენ და ახლა ჯაფარიძე-ხაზარაძე-გახარიას ეძახიან კომისიაზე. აქედანაც ჩანს როგორი კლოუნადაა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გოგა ბოკერიას მიიჩნევს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა დაუშვებელია, რადგან ამით „კლოუნადის ლეგიტიმაცია“ მოხდება.
„ჯერ ერთი, აქ არის პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი. მეორე არის, თვითონ ამ კლოუნადის ლეგიტიმაციის საკითხი. ამ პოლიტიკურ ნაგავში გავლისას შეუძლებელია სინათლე შემოიტანო, რადგან თავიდანვე მოწამლულ სიცრუეზე და თავისი ფარისევლობით საზოგადოების შეურაცხყოფაზეა დამყარებული ინიციატივაა.
რაც შეეხება იმას, მე როდის დამიბარებენ, არ ვიცი, არ ვიცი, არაფერს ველი. შეიძლება ეს მალე მოხდეს, ან არ მოხდეს. ამის მიხედვით მე დასკვნებს არ ვაკეთებ და სხვებსაც ვურჩევ, რომ არ შეიძლება ადამიანი დამოკიდებული იყოს იმაზე, ივანიშვილის რეჟიმი როდის და როგორ მოიქცევა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა მათი მუქარა გამოწვეულია იმით, რომ სერიოზული წნეხის ქვეშ გრძნობენ თავს და „არანაირი დრამატიზმი არ უნდა იყოს ამაში, პოლიტიკოსებს რას უზამენ“
„ზოგადად პოლიტიკური მოტივებით ნებისმიერი ადამიანის დევნა არის დიდი პრობლემა, მაგრამ ჩვენ დაპირისპირება ივანიშვილის რეჟიმთან გვაქვს ბევრად უფრო დიდ რამეზე, ვიდრე თუნდაც ერთი, ან ორი, ან სამი პოლიტიკოსის, ან პარტიების ბედი. მთლიანად ქვეყნის ბედზეა [დაპირისპირება] და არავინ არ უნდა მოტყუვდეს, რომ ესაა ის საკითხი, რაც ახლა წყდება. ეს საკითხი სერიოზულად პრობლემურია, თუ თავისუფალ ქვეყანას აშენებ, მაგრამ კიდევ უფრო დიდ რამეზეა ის დაპირისპირება, რაზეც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის საფრთხეს.
აქედან გამომდინარე, არანაირი დრამატიზმი არ უნდა იყოს ამაში, პოლიტიკოსებს რას უზამენ. ყველა მათი მუქარა გამოწვეულია იმით, რომ სერიოზული წნეხის ქვეშ გრძნობენ თავს. ჩვენ არ ვართ იმ ზღვარზე, რომ რეჟიმის ჩამოქცევას მივაღწიოთ დღე-დღეზე, სამწუხაროდ. ამას ჭირდება პროტესტის გაგრძელება და გაფართოება, მაგრამ ის, რომ ეს კრიზისი ამდენი ხანია გრძელდება და ამდენი ადამიანი აგრძელებს პროტესტს, უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ ამ კრიზისის განმუხტვა და უზარმაზარი წნეხის ქვეშ არიან მორალურად იმიტომ, რომ მათ გარემოცვაში უმრავლესობა არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ საქართველოს თავისუფალი, დამოუკიდებელი მომავალი და დასავლურ, ევროპულ, ქრისტიანულ ცივილიზაციაში – ჩვენ წიაღში დაბრუნება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.