გიგა ბოკერია რუსულ კანონზე „ევროპული საქართველოს“ პოზიციას აქვეყნებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი განცხადებას ავრცელებს და რუსულ კანონზე მისი პარტიის პოზიციას განმარტავს.
ბოკერიას თქმით, პარტიაში მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსული კანონის მიღების შემდეგ, პროტესტის მთავარ გზავნილად „არა რუსულ რეჟიმს” უნდა იქცეს.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე პროტესტისა და დასავლელი მოკავშირეების მკაცრი რეაქციის გათვალისწინებით, რეჟიმმა შესაძლოა რეპრესიების გამწვავების პარალელურად, საქართველოს მოკავშირეებისა და ოპოზიციური სპექტრის ცრუ-კომპრომისზე მოლაპარაკებებში შეყვანა სცადოს:
„მსგავსი სცენარის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა აქტორებმა არ გაიმეორონ უახლეს წარსულში დაშვებული შეცდომები. რუსული კანონის „გაკეთილშობილების” შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გამოსავლად წარმოჩენა ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ისე მოქალაქეთა ერთსულოვანი პროტესტის განწყობასა და სულისკვეთებას. ჩვენი ქვეყნისთვის ამდენად საკვანძო მომენტში, მნიშვნელოვანია, პროცესის მონაწილე თითოეულმა ოპოზიციურმა აქტორმა გამოიჩინოს სიმტკიცე და პრინციპულობა და არ გადაუხვიოს იმ მოქალაქეთა მოთხოვნებსა და პოზიციებს, რომლებიც ერთ თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყნის გარუსების მცდელობას. რეჟიმის დაშოშმინების მიზნით, ცრუ-კომპრომისზე მოლაპარაკებებში შესვლა მხოლოდ დააჩქარებს რუსული ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას საქართველოში და ხელს შეუწყობს ამ კანონის ამოცანების საბოლოოდ გაფორმებას. არა რუსულ რეჟიმს“ — აცხადებს გიგა ბოკერია.